ახალი ამბები
გუბერნატორის ძალაუფლება თუ მაჟორიტარი პარლამენტარის შესაძლებლობა

 

დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ კასპის მუნიციპალიტეტმა მეტი სარგებელი მაჟორიტარი დეპუტატის წყალობით მიიღო. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ კლუბის ,,ჰარმონია" დარბაზში მისი ადგილი უფრო იყო, ვიდრე იმათი, ვინც გაკეთებულ საქმეებს იბრალებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსს ნინო ჯინიყაშვილს წარმოდგენა არა აქვს, თუ რა დამსახურება მიუძღვის ონოფრიშვილს ბოლო ორ წელიწადნახევარში კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებთან.

 

,,ჯერ ერთი, მე 2015 წლიდან ვმუშაობ. ჩემი მუშაობის პერიოდში კი გამგეობის ადმინისტრაციაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან მხოლოდ ინფორმაციაა გათხოვილი. თუ რამე პროექტები ხორციელდება რეგიონის მასშტაბით, ყველაფერი გუბერნატორთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოზე იხილება და მერე მთავრობა ამტკიცებს" - აცხადებს ნინო ჯინიყაშვილი.

 

,,ალბათ, არის ონოფრიშვილის დამსახურება" - აცხადებს გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ხიზანიშვილი, რომელიც წარმოშობით იმავე სოფლიდანაა, საიდანაც დავით ონოფრიშვილი. კერძოდ, კავთისხევიდან. კავთისხევის თემში, მაგალითად,  ,,თვალადი-ეზატის" საავტომობილო გზის გაკეთება 2013 წელს, ყოფილი გამგებლის ოლეგ იაძის პერიოდში დაიწყო და 2014 წელს გოჩა გოჩიტაშვილის გამგებლობისას დამთავრდა.

 

კასპის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი თინათინ გეჯაძეც დარწმუნებულია, რომ ის რაც რაიონში კარგი კეთდება, დავით ონოფრიშვილის დამსახურებაცაა.

 

,,თანაბარი ძალა აქვს გუბერნატორს და პარლამენტარს. გუბერნატორს უფრო ძალაუფლება აქვს, ხოლო საკანონმდებლო დონე უფრო სხვაა" - აცხადებს თინათინ გეჯაძე, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 2013 წელშიც მუშაობდა. თუმცა, მას კონკრეტული დოკუმენტი არ უნახავს, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით ონოფრიშვილის დამსახურებაა კასპის გზების მოასფალტება.

 

ონოფრიშვილი თავისი შესაძლებლობების უპირატესობას იმით ასაბუთებს, რომ ოპოზიციაში  ,,თავისუფალი დემოკრატების" წასვლამდე ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო, უფრო მეტიც, კოალიცია ,,ქართული ოცნების" ეკონომიკური გეგმა მისი დაწერილია.

 

ვიდრე კასპში გუბერნატორისა და მაჟორიტარის ძალაუფლებას ზომავენ, კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მოსახლეობა სასმელ წყალს, ბუნებრივი აირის მიწოდებას და კეთილდღეობას გამგებლისგან ითხოვს.

 

,,რას გადაგვაყოლეთ ამ გზას" - უთხრეს გამგებელს იგოეთში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები