ახალი ამბები
,,ერთს აკეთებენ, მეორეს აფუჭებენ" - სოფელი ქვემო ხვითი

 

ვახტანგ გოგიშვილი ამბობს, რომ გაუვალი შიდა გზების ასეთი მდგომარეობა სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოებმა გამოიწვია.

 

,,დაიწყეს ჯერ წყლის გაკეთება, წყალი ამ დილით წამოვიდა, შემდეგ გაზი მოაყოლეს. გზები კი ასეთ მდგომარეობაში დაგვიტოვეს.  მოხრეშონ წესივრად მაინც, გავლა შევძლოთ. მეტს არაფერს ვითხოვთ." - ამბობს ვახტანგ გოგიშვილი.

 

ადგილობრივი ზაქრო ივანაძე აცხადებს, რომ სოფელში ისეთი ადგილები მოხრეშეს, რომელსაც ეს სამუშაოები ყველაზე ნაკლებად ჭირდებოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხრეში სოფლის პროგრამის ფარგლებში დაყარეს.

 

,,აგერ გახედეთ იმ გზას, სწორედ, იმ გზას ჭირდებოდა მოხრეშვა. რას აკეთებენ, ვერ ვხვდები" - ამბობს ზაქრო ივანაძე.

 

ზოგადი პრობლემების გარდა, ბევრი საკუთარი საყოფაცხოვრებო პირობების შესახებაც საჯაროდ საუბრობს. მოხუცი ქალბატონო ნორა მჭედლიძე გასათბობად გამხმარი ხეხილის ხეების ფესვებს ხერხით ჭრიდა. მისი შვილები და შვილიშვილები დედაქალაქში ცხოვრობენ.

 

,,ეს ხის ფესვები ჩემმა შვილებმა ნაკვეთიდან მომიტანეს. ხუთი შვილი მყავს, მაგრამ სოფელში მარტო მე ვცხოვრობ. ომის შემდეგ ხუთი წელი ბაღები ურწყავი იყო, გახმა ხეები და ახლა მოვჭერით" - ამბობს ნორა მჭედლიძე. 


გულნარა კურდღელაშვილი წუხს, რომ მის სახლში წვიმა ჩადის. თანაც, მდგომარეობას გაუარესებული ამინდები და უხვი ნალექების მოსვლა ართულებს.  


ყოფილი პარლამენტარი გოგი ლაზარაშვილი, ამჟამად, სოფელში ცხოვრობს. საუბრის დროს აქცენტს სხვების მდგომარეობაზე აკეთებს.

 

,,გაზი ჯერ არ არის დამონტაჟებული, სანამ ამ საკითხს მოაგვარებენ, შეშით გავთბებით." - ამბობს გოგი ლაზარაშვილი. სავარაუდოდ, წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითო ოჯახზე შეშის მოსამარაგებლად 200 ლარი დარიგდება.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები