ახალი ამბები
ტყუილებისთვის კნოლევიდან ირინა იმერლიშვილს მადლობას უხდიან

 

ცისანა კაკაშვილი ნამდვილ მადლობას სოფლის ექიმს უხდის, ასევე, მადლობას იხდის იმაზეც, რომ სოფელში ბუნებრივი აირი შეიყვანეს, მაგრამ განსაკუთრებით გული სწყდება იმაზე, რომ ირინა იმერლიშვილმა მოატყუა.

 

,,აქ, როდესაც პრეზიდენტთან ერთად იყო ამოსული, შემპირდა, რომ ჩემ სოციალურ მდგომარეობაზე ქარელში და თბილისში ამბავს ჩაიტანდა. როგორც მაგან ამბავი ჩაიტანა და მე სოციალური დახმარება დამენიშნა, აი, ასე ვუხდი მადლობას" - ამბობს ცისანა კაკაშვილი.

 

გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში სოციალურ დახმარებას (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სტატუსის მიხედვით) 10-მდე ოჯახი არ იღებს. ცისანა კაკაშვილის სახლის წინ მდებარე სასმელი წყლის ონკანთან თითქმის ყველა სოციალურად დაუცველი შეიკრიბა. ისინი ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არიან გაბრაზებულები.

 

,,ისტერიჩკები მოვიდნენო" - ასე გვეუბნებიან ხოლმე, როცა მომსახურების სააგენტოში ჩავდივართ. უკვე შეწუხებულები არიან ჩვენი დანახვით" - გვითხრეს კნოლეველებმა.

 

რამდენიმე წლის წინ, სოფელ კნოლევში სოციალურ დახმარებას ყველა ოჯახი იღებდა. ამის საფუძველი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობა იყო. შემდგომი გადამოწმების დროს, რამდენიმე ოჯახს, დახმარება მოეხსნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები