ახალი ამბები
,,პროკურატურა ოჯახს გვინგრევს" - ქორწინება არასრულწლოვანთან

 

 

საქმე იმაშია, რომ ქორწინების პერიოდში ნინო კოკაური არასრულწლოვანი, 16 წელს მიუღწეველი იყო. შვილის გაჩენის შემდეგ ეს ფაქტი პროკურატურისთვის გახდა ცნობილი და ნინო კოკაურის მეუღლეს მინიმუმ 7 წლიანი პატიმრობა დაემუქრა.

 

გორის სასამართლოში მათი საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. ბრალდებული გიორგი ნიბლაძე სასამართლო პროცესებს აღკვეთის ღონისძიების გარეშე ესწრება.

 

გიორგი ნიბლაძეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პროკურატურამ  2015 წლის სექტემბერში მოითხოვა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. პროკურატურამ მოსამართლის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც არ ჩათვალა საჭიროდ ახალგაზრდა წყვილები საბოლოო განაჩენამდე დაეშორებინა. ვარიანიდან დღევანდელ პროცესზე უამრავი ადამიანი ჩავიდა.

 

გიორგი ნიბლაძის ინტერესებს ადვოკატი ვანო სამხარაძე იცავს. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდება არ უფიქრდება იმ შედეგს, რაც შეიძლება გიორგი ნიბლაძის პატიმრობას მოჰყვეს.

 

,,ოჯახი შექმნილია ნებაყოფილობით, არავითარ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ყველა მხარე. რა უფრო მნიშვნელოვანია სახელწიფოსთვის, ამაზე უნდა დაფიქრდეს, როგორც პროკურორი, ასევე მოსამართლე. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოებას გაითვალისწინებს მოსამართლე" - აცხადებს ადვოკატი ვანო სამხარაძე.

 

იმ შემთხვევაში თუ კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდება, ოჯახის განადგურებას წინასწარმეტყველებენ მშობლებიც. ადვოკატ ვანო სამხარაძის ინფორმაციით, გორის რაიონში ამჟამად ასეთი 3 ფაქტია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები