ახალი ამბები
ექიმის საბედისწერო რჩევა - ,,ჩვენთან ,,ოყნა" მოიპარეს, წადით სახლში"

 

კასპის ,,მედალფას" კლინიკაში ზაურ კიტრიაშვილი 2015 წლის სექტემბერში სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. მორიგე ექიმი ზაზა პარკაძე დახვდათ. სწორედ მისი რჩევით სახლში დაბრუნდნენ, ხოლო ავადმყოფს მთელი ღამის განმავლობაში ექიმის მიერ მითითებული პროცედურები ჩაუტარეს. 

 

მეორე დილით, პაციენტს სიცხემ 42 გრადუსამდე აუწია, გახდა ცუდად. ზაურ კიტრიაშვილი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში წაიყვანეს. მუცლის გაკვეთისას აღმოაჩინეს, რომ ნაღველი და ბრმა ნაწლავი გახეთქილი ჰქონდა. ასევე, დაზიანებული იყო თიაქარი. მოკლედ, მუცლის ღრუ მთლიანად ჩირქით იყო სავსე.

 

როგორც აწ გარდაცვლილის მეუღლე, მაია ციცქიშვილი ამბობს, ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა კასპის საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მოითხოვეს. კასპში სისხლის საერთო ანალიზი იყო აღებული და რენტგენი - გადაღებული მხოლოდ. ღუდუშაურის ექიმებმა ოჯახის წევრებს გაუზიარეს, რომ კასპშივე ოპერაციის ჩატარება უმჯობესი იყო, ხოლო ნაწლავების გასუფთავება - დაუშვებელი.

 

,,ოპერაცია რომ ჩაეტარებინათ და მუცელი გახსნილიყო კასპშივე, ექიმი მდგომარეობას ზუსტად დაადგენდა. ნაწლავების ხელოვნური გასუფთავება არ შეიძლებოდა თურმე, უფრო დააზიანა ყველაფერი და დააჩქარა სიკვდილი" - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

 

ექიმი ზაზა პარკაძე ამბობს, რომ რენტგენის მიხედვით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია არ ჭირდებოდა, ხოლო  ფაქტს,  საავადმყოფოში ,,ოყნის" ჩამტარებელი მოწყობილობის მოპარვის შესახებ, უარყოფს.

 

,,პაციენტი ახლობლებმა საკუთარი სურვილით წაიყვანეს სახლში, ხელწერილიც კი გვაქვს" - აცხადებს ექიმი, ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და მიაჩნია, რომ პაციენტის სიკვდილი მისი მკურნალობისა და რეკომენდაციების შედეგი არაა.

 

ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყება არ მოითხოვეს და პოლიციაში არ იჩივლეს, თუმცა, აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს, რათა ახლობლებს გაუფრთხილდნენ და არასასურველი ექიმებისგან და შედეგისგან თავი დაიცვან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები