ახალი ამბები
გორში ნაძვის ხეს ცეცხლი ფოიერვერკისგან გაუჩნდა - სააგენტო
გორში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ,,ანგელოზს" მოეკიდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ფოიერვერკისგან გაჩნდა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვინიაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,სახანძრო როცა მივიდა, დენი ეტაპობრივად გამორთეს. დამწვარია მხოლოდ ე.წ. ანგელოზის ფიგურა. სხვა არაფერია დამწვარი. მიმდინარეობს მუშაობა და ვცდილობთ ახალ წლამდე აღდგეს განათება" - აცხადებს ბაჩანა გვინიაშვილი.

ფაქტს გორის მერიაც გამოეხმაურა და განცხადებაც გაავრცელა: ,,გორში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა და დროებით ჩაქრა. ამ წუთებში მოედანზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. ნაძვის ხე პრობლემის მოგვარებისთანავე განათდება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად კვამლი მოედანზე მყოფმა მოქალაქეებმა შეამჩნიეს, შემდეგ კი, - საახალწლო მორთულობას ცეცხლიც გაუჩნდა.

ამჟამად, ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, გამოძახებულ იქნა სახანძრო ტექნიკაც.

31 დეკემბრის ღამეს გორის მთავარ მოედანზე კონცერტი დაგეგმილი არაა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველანაირი კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. გორში დაგეგმილი იყო მხოლოდ ფოიერვერკის გაშვება.

გორის მერიამ საახალწლო ანგელოზები და სანტას ფიგურები 2020 წლის 30 ნოემბერს კომპანია ,,დანდისგან" შეიძინა. ,,დანდიმ" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნა. კერძოდ, სტრინგები, ვარსკვლავები და ა.შ.


ფოტოს ავტორი: გიორგი მელაძე
ვიდეოს ავტორი: გიორგი დოლუაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები