ახალი ამბები
რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები
კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები