ახალი ამბები
ატოცის, კნოლევისა და ავლევის სკოლებს საჩუქრები გადასცეს
5 იანვარს ავლევის, კნოლევისა და ატოცის სკოლებს განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიის (CIEC) წევრები ესტუმრნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს საჩუქრები გადასცეს.

,,საჩუქრად ნოუთბუკები, მოსწავლის ბიბლიოთეკები და სხვადასხვა სასწავლო მასალა გადავეცით. ეს ყველაფერი მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის სწავლისა და განვითარებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება. შედეგიც უთუოდ კარგი იქნება, რადგან მასწავლებლებიც ძალიან მოტივირებულები არიან და, როგორც აღნიშნეს, ძალიან კარგი მოსწავლეებიც ჰყავთ.'' - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაკა კორძაძე ამბობს, რომ ეს არის ახალი პროექტი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სასწავლო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყეს.

,,ამ წელს ვიწყებთ სასიხარულო პროექტით. მოკრძალებული წვლილი გვინდა შევიტანოთ იმაში, რომ სასწავლო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, დავეხმაროთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სკოლას შიდა ქართლში. მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, საშობაოდ, ღია საზოგადოება ფონდის დაფინანსებით, 3 სკოლას ვესტუმრეთ.'' - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაკა კორძაძე.

,,რაღაც დახმარებები კი აქვთ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ, აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ ლეპტოპები. განსკუთრებით, მასწავლებლებს ეს სჭირდებათ ონლაინ სწავლების პირობებში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კათედრების მიხედვით, გადაგვეცა ლეპტოპები. კათედრა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სკოლაში.'' - აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინა დვალი.

ირინა დვალი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე საბაზო სკოლებში ნაკლები წვდომა აქვთ ინტერნეტრესურსებზე:

,,ზოგადად, რაიონებიდან წამოსული ბავშვები მეტნაკლებად ამჟღავნებენ განათლების მაღალ დონეს. ქალაქში შეიძლება მეტი მხარდაჭერა და შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს, მაგრამ არანაკლები მხარდაჭერა სჭირდებათ რაიონებს. შარშან მაგალითად ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი და გავიცანი ამ რაიონის მოსწავლე, რომელმაც ამ ონლაინ-სწავლების პროცესში საოცარი ცოდნა გამოამჟღავნა" - დასძინა ირინა დვალმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები