ახალი ამბები
გორის საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურებისთვის ემზადებიან
7 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია შობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება დღეს 6 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება.

ამისათვის გორის საკათედრო ტაძარში მრევლმა შეკრება 21 საათიდან დაიწყო. მოხსნილია ის შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 28 ნოემბრიდან დააწესა. კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეები პირბადებიით მივიდნენ, ასევე, ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების და 2 მ-იანი დისტანციის დაცვას.

საპატრიარქოს განცხადებით, წელს, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით და დაწესებული რეგულაციების დაცვით, საშობაო ალილო სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

მსვლელობის დროს შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში დარიგდება.

გორში სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა შობა 25 დეკემბერს აღნიშნეს. ევანგელურ-პროტესტანტული და კათოლიკური მრევლის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა. 24 დეკემბრის ღამეს ხელისუფლებამ შეზღუდვები არ მოხსნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები