ახალი ამბები
გორში 30-წლამდე ასაკის მამაკაცს პოლიციელების ცემაში ედება ბრალი
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ გორის სასამართლომ იმსჯელა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, გუშინ, 30-წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ოჯახის წევრებს აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია.

112-ის ზარის შედეგად პოლიციელები დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. თუმცა, პოლიციელების გამოჩენამ მამაკაცი უფრო გააღიზიანა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლო პროცესზე პოლიციელებიც დაიბარეს. მანდატურებმა შენობის კარი ჩაკეტეს, სადაც მოწმის სახით სწორედ პოლიციელები იკითხებოდნენ. სასამართლოში გვითხრეს, რომ კორონავირუსის გამო, პროცესზე ბრალდებულის დედაც კი არ დაასწრეს.

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

გორის სასამართლომ ბოლო დღე-ღამეში ოთხი სისხლის სამართლის საქმე განიხილა. პატიმრობა შეუფარდეს კიდევ ორს, 40-წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომელთაც შს სამინისტრომ ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წაუწყენა. 3 ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავდა, მეოთხე ბრალდებული - დაცვის გარეშე წარადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები