ახალი ამბები
შვრიის ფანტელების დრო
2020 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, გორის საბავშვო ბაღის ბავშვებს მერიამ სახლში 140 ტონა შვრიის ფანტელი, 173 ტონა ლიტრი ზეთი, 51 ტონა ბრინჯი, 280 000 ცალი კვერცხი და სხვა არამალფუჭებადი პროდუქტი გაუგზავნა. ამავე პერიოდში, მერიას ბავშვებისთვის არ შეუძენია თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი. მუნიციპალიტეტმა ტენდერები გაუუქმა რძის ნაწარმის მიწოდებაზე პასუხისმგებელ კომპანიებსაც.

ჩვენმა მოკვლევამ აჩვენა, რომ მსგავსად არ მოქცეულან მეზობელი რეგიონების მუნიციპალიტეტები. Covid-19-ის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღების დაკეტვის მიუხედავად, ბორჯომისა და მცხეთის მერიებმა ბავშვებისთვის მთელი წლის განმავლობაში შეისყიდეს როგორც რძის ნაწარმი, ასევე ხორცპროდუქტები.


2020 წლის 21 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, ხორცპროდუქტებიდან, ეკონომიის სახით, 335 618 ლარი დარჩა ასათვისებელი.

მთელი წლის განმავლობაში კომპანია ,,ნიშას“ საბავშვო ბაღებისთვის 357 260 ლარის ღირებულების საქონლისა და ფრინველის ხორცი, ასევე, თევზი უნდა მიეწოდებინა. თუმცა, 2020 წლის მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბაღები დაიკეტა, ხოლო სააგენტომ ხორცპროდუქტების შესყიდვა შეაჩერა.

,,ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მზად ვიყავით ხორცი და თევზი მიგვეწოდებინა. მართალია, პანდემიის გამო, ქვეყანაში ბევრი რამ გაჩერდა, მაგრამ მანქანამაცივრებით ხორცით მომარაგება შეგვეძლო. სხვათა შორის, 2020 წლის სექტემბერში ბაღების სააგენტოსგან მოგვივიდა წერილი იმის შესახებ, მზად ვიყავით თუ არა გაგვეგრძელებინა მუშაობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვუპასუხეთ, რომ მზად ვიყავით, მაგრამ ხორცპროდუქტების შესყიდვა მაინც არ განახლებულა.’’ - გვითხრა ,,ნიშას’’ დირექტორმა მამია ბუქულაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა მშობლებს ხორცპროდუქტები სახლში წაეღოთ, კომპანიის დირექტორი განმარტავს:

,, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ საერთოდ არ განხილულა და ჩვენც არ შეგვითავაზებია. ალბათ, აქ განაწილების დროს შეიქმნებოდა პრობლემა. გაჭირდებოდა თანაბრად განაწილება ხორცპროდუქტების. თუმცა ჩვენ შეგვეძლო სადაც დასჭირდებოდათ, იქ მიგვეტანა პროდუქტი შესაბამისი დაცულობით და მანქანამაცივრებით. ბუნებრივია, ვიზარალეთ ჩვენც ამ პანდემიის გამო’’, - აცხადებს მამია ბუქულაშვილი.

2020 წლის მარტიდან წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის არანაირი სახეობის ხორცი არ შეუძენია. ასე მოხდა რძის პროდუქტებზეც. პანმდემიის პერიოდში, არაჟნის, მაწვნის, პასტერიზებული რძისა და ყველის შესყიდვა ორჯერ შეწყვიტეს. ერთხელ მარტში, მეორედ - ოქტომბერ-ნოემბერში.

გორის მერიამ პრიორიტეტი არამალფუჭებად პროდუქტებს მიანიჭა.

ქვემოთ მოცემულ სქემაში ჩანს, თუ რომელი პროდუქტი იყო პრიორიტეტული გორის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაღების სააგენტოსთვის.



მუქ ფერებში მოცემულია ის პროდუქტი, რომლის შეძენა დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში. ხოლო მუქ ფერებში მოცემულია იგივე პროდუქტი იმ რაოდენობით, რომელიც პირდაპირი წესით პანდემიის პერიოდში შეისყიდეს.

ცხრილი ნათლად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ მერიამ ბავშვთა კვებისთვის გაზარდა შვრიის ფანტელის, კვერცხის, შაქრის, ზეთის, მაკარონის, ბრინჯის შესყიდვა, ხოლო უარი თქვა რძის ნაწარმზე, ხორცპროდუქტებზე და თევზზე.

როგორი უნდა იყოს ბავშვთა კვება



გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, სკოლამდელი აღზრდის ბავშვებისთვის, უნდა იყოს გათვალისწინებული საკვების 4 ჯგუფი:

1) ხილი და ბოსტნეული;
2) პურეული და მარცვლეული;
3) რძე და რძის ნაწარმი;
4) მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თესლეული, თხილეული
.


რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ საკვების ოთხივე ჯგუფი მნიშვნელოვანია. თითოეული შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ოთხივე ჯგუფიდან მრავალფეროვანი საკვების რეკომენდებული რაოდენობის მიღებით, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იღებს საკმარის ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს.

,,ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებული სწორი კვების ჩვევები და გემოვნება წარმოადგენს ჯანმრთელობის საფუძველს ზრდასრულ ასაკში. ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, II ტიპის დიაბეტი, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე პირდაპირ კავშირშია არასწორ კვებასთან. ამ დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვთა ასაკიდან ჯანმრთელი კვების ჩვევის ჩამოყალიბება.’’ - აღნიშნულია კვების გაიდლაინში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ,,უნისეფის’’ დახმარებით შეიქმნა.

გორის მერიის ზრუნვა ბავშვთა კვებაზე



გორში საბავშვო ბაღები 2 მარტიდან დაიკეტა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ და გორის მერიამ თავდაპირველად არამალფუჭებადი პროდუქტების შეძენა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაიწყო.

2020 წლის 16 მარტს გორის მერიამ შემდეგი შინაარსის განცხადებაში გაავრცელა:

,,მოგეხსენებათ, 1 აპრილამდე საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უჭირთ ამ დროის განმავლობაში ბავშვების გამოკვება, სააგენტო მუშაობს ასეთი ოჯახებისთვის გარკვეული სახეობის პროდუქტების დარიგებაზე. ამ ეტაპზე ხორციელდება როგორც პროდუქტების, ასევე ოჯახების რაოდენობების დაზუსტება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისი პატარებიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა - ბაღებში დადიან, მიმდინარე კვირაში სააგენტოს თანამშრომლები გარკვეული რაოდენობის პროდუქტს ადგილზე მიუტანენ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ოჯახებს სააგენტო პირადად დაუკავშირდება.’’ - ეწერა განცხადებაში.

ამ ინფორმაციამ საბავშვო ბაღების სხვა აღსაზრდელების მშობელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მშობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სახელმწიფომ თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა ოჯახზე, რადგან პანდემიის დროს, ყველა თანაბრად რჩება დაზარალებული.

2020 წლის 23 მარტს მერიამ გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომლის მიხედვით, 8 სახეობის არამალფუჭებად პროდუქტს სააგენტო ამჯერად ყველა ბავშვის მშობელს გადასცემდა.

,,ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ დილით წავიყვანდით ბავშვებს საბავშვო ბაღში, სადაც გართობასთან ერთად, უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი საკვებით. იქ სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც კვების რაციონს ადგენენ და ამიტომ ეს საფიქრალი ჩვენ არ გვქონდა. სხვათა შორის, ბავშვებს ბაღის საჭმელები ზოგჯერ უფრო მოსწონთ, ვიდრე სახლში მომზადებული იგივე საკვები. ალბათ, სხვა ბავშვებთან ერთად კვება ურჩევნიათ და ამიტომაც ფიქრობენ ასე. რაკი ბაღები დაიკეტა, ბუნებრივია დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოგვეძია დამატებითი თანხები ბავშვთა საკვებზე, ან როგორ გადაგვენაწილებინა ოჯახის ბიუჯეტი კვებისთვის“ - ამბობს 32 წლის ანა, რომელიც ორ ბავშვს ზრდის.

ანა გაეცნო იმ რეკომენდაციებს, რომლითაც საბავშვო ბაღებში მენიუს შესადგენად ხელმძღვანელობენ. თუმცა, ამ განრიგის მიხედვით მოქმედება გაუჭირდა.


საბავშვო ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ მალფუჭებადი პროდუქტის შეძენაზე და გაცემაზე, თუმცა საკრებულოს წევრი ნუგზარ ნონიაშვილი ასეთ მიდგომას არ ეთანხმება:

,,პანდემიის პირველივე დღესვე დავსვი საკითხი, რომ ეს პირდაპირი შესყიდვები გაუქმებულიყო. უმჯობესი იქნებოდა ეს ფული ვაუჩერის სახით დარიცხვოდა მშობელს. შემდეგ ის ამ თანხით მისულიყო ნებისმიერ მაღაზიაში ან სადმე და შეეძინა ბავშვისთვის საჭირო პროდუქტი. ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლებოდაა. ახლა რასაც აკეთებენ, ამას არ ვიცი, რა დავარქვა. სარგებლობენ პანდემიით და ვისგანაც უნდათ, იმას უსაღებენ იმ პროდუქტს, რომელსაც ისინი ამდენს ვერასოდეს გაყიდიდნენ’’ - გვითხრა ნონიაშვილმა.

ტენდერებიდან პირდაპირ შესყიდვამდე

პანდემიის პირველივე ტალღის პერიოდში საბავშვო ბაღების სააგენტომ ტენდერები შეწყვიტა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შემდეგი მიმწოდებლები ყავდა გამარჯვებულის სახით გამოვლენილი.

1. ხილ-ბოსტნეული უნდა მიწოდებინა შპს ,,სახანძრო ტექნიკს“, რომელთანაც გაფორმებული იყო ხელშეკრულება 43 325 ლარზე. ტენდერის შეწყვეტით გამოთავისუფლდა - 40 695 ლარი.

2. ბურღულეულზე შპს ,,ჯი-ეს-სი GSC - სთან“ დადებული იყო ხელშეკრულება 263 960 ლარზე, თუმცა პანდემიის გამოცხადების შემდეგ გამოთავისუფლდა 244 897 ლარი.

3. რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ,,ნებიერასთან“ მზადდებოდა ხელშეკრულება 597 389 ლარზე, თუმცა პანდემიის შემდეგ კომპანიას მისწერეს, რომ ,,საჭიროების არარსებობის გამო’’ ხელშეკრულების მომზადება შეწყდა.

4. საქონლის ხორცზე, ქათმის ხორცზე და თევზეულზე შპს ,,ნიშასთან’’ გაფორმებული იყო 357 260 ლარიანი ხელშეკრულება. გადაუხადეს მხოლოდ 21 642 ლარი, დაიზოგა დაახლოებით 335 618 ლარზე.

5. კვერცხთან დაკავშირებით - შპს სახანძრო ტექნიკთან გაფორმებული იყო 39 200 ლარიანი ხელშეკრულება, თუმცა ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, გადაუხადეს მხოლოდ 2 721 ლარი. დაზოგეს 36 479 ლარი.

6. შაქარზე, ორცხობილებზე, ჩაიზე და ა.შ. შპს „სახანძრო ტექნიკთან“ ხელშეკრულება გაფორმებული იყო 52 090 ლარზე, შეწყვიტეს და ასათვისებელი დარჩა 48 476 ლარი.




ცხრილის მიხედვით, შესყიდვის საერთო ღირებულება იყო 1 მლნ 353 224 ლარი, დაიხარჯა მხოლოდ 49 670 ლარი. ტენდერების შეწყვეტისა და შეჩერების შემდეგ ასათვისებელი დარჩა 1 მლნ 303 554 ლარი.

ტენდერების შეწყვეტის შემდეგ, მნიშვნელოვნად იზარალეს ,,ნებიერამ’’ და ,,ნიშამ’’. ცხრილში ჩანს თითოეულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საერთო ფასი, ხოლო მეორე სვეტში - ტენდერის შეწყვეტამდე მიღებული თანხა.


როგორ გადანაწილდა გამოთავისუფლებული თანხა წლის განმავლობაში


2020 წლის მარტიდან გორის მერიის საბავშვო ბაღების სააგენტომ დაიწყო პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმება კომპანიებთან, რადგან ასათვისებელი იყო 1 მლნ 3030 554 ლარი.

სკოლამდე აღზრდის სააგენტომ პირდაპირი წესით ხელშეკრულებები გააფორმა 6 კომპანიასთან, საერთო ღირებულებით - 839 865.75ლარზე.

ტენდერის შეწყვეტის შედეგად, კომპანიებს: ,,სახანძრო ტექნიკსა“ და ,, GSC - ს“ არ უზარალიათ, რადგან ბაღების სააგენტომ მათთან პირდაპირი წესით ხელშეკრულებები გააფორმა, სამაგიეროდ, საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს ,,ნიშამ’’ და ,,ნებიერამ“.

შენიშვნა: საბავშვო ბაღების სააგენტომ 2020 წლის აგვისტოში სცადა რძის პროდუქტებზე ტენდერის ჩატარება. გაიმარჯვა კიდეც კომპანია ,,ენ პროდუქტიმ’’. გაფორმდა მასთან ხელშეკრულება 196 179 ლარის ფარგლებში, თუმცა 35 650 ლარის ათვისების შემდეგ, კვლავ შეწყდა.

იხ. სქემა: პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებები და მათი საერთო ღირებულება





ბოლო ორ სქემას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ გამოჩნდა ახალი კომპანია, რომელიც მანამდე ტენდერებში საერთოდ არ მონაწილეობდა, ეს კომპანია შპს ,,ლუანაა“. ის პანდემიის დროს, ბაღების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდა.

რატომ ,,ლუანა’’?

კომპანია ,,ლუანა“ ჩვენი ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც გორის საბავშვო ბაღებისთვის მიტანილ შვრიის ფანტელში ჭიები აღმოჩნდა.

კომპანიის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ უხარისხო პროდუქტი ახლით ჩანაცვლდებოდა. კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ შვრიის ფანტელები რუსეთიდან ერთ-ერთი ქარხნიდან შემოაქვთ.

კომპანია 2015 წელს გორში დაფუძნდა. მას ძმები, ივანე და ლევან ზეგარდელები ფლობენ. ივანე ზეგარდელი კომპანიის დირექტორია.

„ლუანა“ ტენდერებში 2020 წლის მაისიდან გამოჩნდა. თავდაპირველად მონაწილეობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ვერ გაიმარჯვა. 2020 წლის ოქტომბრამდე ტენდერებში მონაწილეობა აღარ მიუღია. ოქტომბრიდან აქტიურად დაიწყო სატენდერო პროცესებში მონაწილეობა, ძირითადად, შაქრისა და მაკარონის შესყიდვებზე.

ასეთი მწირი გამოცდილების მქონე კომპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სასურველი გაზაფხულიდანვე აღმოჩნდა. მასთან აქტიურად დაიწყო პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმება.

ბაღების დაკეტვის პირველივე თვეს, 2020 წლის 23 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სააგენტომ მასთან პირდაპირი წესით ხელშეკრულება დადო.

,,ლუანამ“ გორის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგება მაკარონით და შესქელებული რძით დაიწყო.

ამის შემდეგ ,,ლუანა“ ვალდებულებას იღებდა მიეწოდებინაა არა მხოლოდ მაკარონი და ,,მოლოკო’’, არამედ შვრიის ფანტელი და მაკარონი, ზეთი, ორცხობილა, კვერცხი და ა.შ. კომპანია გორის მერიის ერთ-ერთი ფავორიტი მიმწოდებელი გახდა.

ტენდერების მონიტორინგის საიტზე მოცემულია, რომ ,,ლუანასთან“ პირდაპირი წესით ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ მხოლოდ გორსა და კასპის საბავშვო ბაღების გაერთიანებებს.


რა მიუტანა სახელმწიფომ სახლში ბავშვებს?


საბავშვო ბაღებში ბავშვებს 36 დასახელების პროდუქტი უნდა მიეღოთ. პანდემიის შემდეგ მიიღეს მხოლოდ 16 დასახელების პროდუქტი.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია 36-ვე სახეობის პროდუქტი. მარჯვენა სვეტში აღნიშნულია ის პროდუქტი, რომელიც პანდემიის დროს, პირდაპირი წესით შეისყიდეს.


ცხრილიდან ჩანს, რომ იმ საკვები პროდუქტების ჯგუფიდან, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ იყო რეკომენდირებული, ბავშვებისთვის არ შეუძინიათ შემდეგი პროდუქტები: საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზეული, ხოლო რძის პროდუქტების: არაჟანის, მაწონისა და პასტერიზებული რძის შესყიდვა შეწყვიტეს.

რა დააკლდათ ბავშვებს

ბავშვებმა სახელმწიფოს დახმარების სახით ვერ მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკვები, როგორიცაა რძე, რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები.

გაეროს ბავშვთა ფონდის გაიდლაინში წერია, რომ რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B 12, A ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო.

ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვლების ზრდისთვის. 2 წლის ასაკიდან უმჯობესია დაბალი ცხიმიანობის რძის და რძის ნაწარმის გამოყენება, რათა შევამციროთ ნაჯერი ცხიმების მიღება.

ეს ჯგუფი მოიცავს ყველა ცხოველის (მაგ. ძროხა, თხა) რძეს და რძის ნაწარმს, ასევე კალციუმით და სხვა საკვები ნივთიერებებით გამდიდრებულ რძის შემცვლელებს (მაგ. სოიოს რძე).

რაც შეეხება მჭლე ხორცს, ფრინველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს: ეს ჯგუფი მოიცავს ცხოველის მჭლე ხორცს (მაგ. ძროხა, ცხვარი, ღორი), ფრინველის ხორცს (მაგ. ქათამი, ინდაური), ასევე ზღვის პროდუქტებს (მაგ. თევზი), კვერცხს, თხილეულს და თესლეულს (მაგ: გოგრის თესლი, სეზამი, მზესუმზირა).

,,ამ ჯგუფის პროდუქტები არის ენერგიის, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების (B12, ნიაცინი, თიამინი) და მინერალების (რკინა, თუთია, სელენიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი) წყარო.

,,ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ბევრს მოძრაობენ, ამიტომ ბევრი ენერგია (კალორიები) სჭირდებათ. მათი კუჭის მოცულობა პატარაა და იმისთვის, რომ საჭირო ენერგია მიიღონ, ოთხივე ჯგუფის საკვების რეგულარული მიღება სჭირდებათ. ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში სამჯერადი კვება და ორ-სამჯერადი წახემსება დღის ერთსა და იმავე პერიოდებში. კვების სიხშირე ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 ჯერს დღეში. მუდმივი ჭამა არ არის რეკომენდებული’’ - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

როცა სახლში ბევრი ბავშვია



30 წლის ნათია ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომელიც გორის მერიის მიერ დარიგებული პროდუქტების იმედზე დარჩა. არ მუშაობს, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. სახლში 6 შვილი იზრდება. სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამის შემწეობას იღებს, თუმცა, ბაღების დაკეტვის შემდეგ, პატარების გამოკვება შესაბამისი პროდუქტებით, საკმაოდ ძვირი უჯდება.

მის მიერ მომზადებული სადილი შედგება წვნიანისგან, რომელიც მერიის მიერ დარიგებული მაკარონით, ხახვით და ზეთით მოამზადა.

მასთან შედარებით, 32 წლის ანა შედარებით შეძლებულ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა პანდემიის პერიოდში გარკვეული პრობლემის წინაშე მისი ოჯახიც დადგა:

,,პირველ რიგში, რა პრობლემის წინაშეც დავდექი, ეს იყო, თუ როგორ გადამენაწილებინა დრო ბავშვებისთვის და სამსახურისთვის. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა არ იყო ბევრი, თუმცა მეორე ტალღა დაწყებული იყო და გვესმოდა ასობით დაინფიცირებულების შესახებ, ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისსა და ქუთაისში. თავს ისე ვგრძნობდით, რომ გორს ასე მასშტაბურად არ შეეხებოდა. ისეთი განცდა გვქონდა, როგორიც გაზაფხულზე; რომ მთავრობა ისეთ ზომებს გაატარებდა, რომ კორონავირუსი არ გავრცელდებოდა. ბათუმსა და თბილისში დაფიქსირებულ შემთხვევებს ისე ვუყურებდით, როგორც გაზაფხულზე იტალიასა და ესპანეთში არსებულ სიტუაციას; რომ საქართველოში ასე არ გავრცელდებოდა,“ - იხსენებს ანა, რომლის ბავშვი, სწორედ, იმ საბავშვო ბაღში დადიოდა, სადაც კორონავირუსის პირველი ნიშნები გაჩნდა.



38 წლის ნაზის სხვადასხვა დაავადება აწუხებს. სახლში ერთი შვილი ჰყავს. მეუღლე კი, სეზონურ სამუშაოზეა დასაქმებული. კორპუსში ქირის თანხას გორის მერია უხდის.

,,ოჯახში მუშაობს ჩემი მეუღლე, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში, შემოსავალი შეგვიმცირდა. ამიტომ, ბიუჯეტის გადანაწილება ბევრ რამეში მოგვიწია, ძირითადად, საკვებში. საზრუნავი მაინც ბავშვისთვის საჭირო კვება იყო. დღეს და ხვალ იოლად გავიდოდით, მაგრამ შემდგომ დღეებში ამაზე სერიოზული ფიქრი დამჭირდებოდა. ზაფხულში უფრო იოლია ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ, რომ ბევრი ხილია და იოლად გავალთ, მაგრამ ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ შემოდგომით უკვე ძალიან ძვირი დაგვიჯდა ბავშვთა კვებისთვის ხარჯების მოძიება,“ - ამბობს ნაზი.

მისი ოჯახია ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელთანაც საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები დახმარებების სახით, პროდუქტებს უგზავნიან, თუმცა, როგორც ნაზი ამბობს, ყოველთვის სხვის იმედად ვერ იქნება.

როგორ მოიქცნენ სხვა მუნიციპალიტეტებში

ბორჯომში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ - "ბორჯომის ჯანმრთელი მომავალმა", 2020 წლის განმავლობაში ხორცისა და რძის პროდუქტების შესყიდვა არ შეაჩერა და არც ტენდერი შეუწყვეტია.

2019 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ბორჯომის საბავშვო ბაღებმა კომპანია ,,გეოფუდისგან“ მიიღეს 41 000 ლარის ღირებულების თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი.

2020 წლის 8 იანვარს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, როგორც მიღება-ჩაბარების აქტებით, ირკვევა, სააგენტომ რძის ნაწარმი ყოველ თვეს მიიღო (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით). ,,ნებიერას’’ საწარმომ ბორჯომელ ბავშვებს მიაწოდა არა მარტო შედედებული რძე, არამედ ხაჭო, არაჟანი, მაწონი, პასტერიზებული რძე, კარაქი და ყველი. ჯამში 89 000 ლარი დაიხარჯა.

მცხეთაში, თითოეულ ხორც-პროდუქტზე საბავშვო ბაღების გაერთიანებას ტენდერები ცალ-ცალკე ჰქონდა გამოცხადებული. თევზი, საქონლისა და ქართმის ხორცი, სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში, წლის ბოლომდე მიაწოდეს.

მცხეთაში ტენდერები 6-თვიანია. 6 თვის გასვლის შემდეგ, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ახალი ტენდერები გამოაცხადა, სადაც კომპანიებმა, პანდემიის მიუხედავად, მონაწილეობა მიიღეს და მომსახურება შესთავაზეს.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, აქაც მალფუჭებადი პროდუქტის მიზეზით ტენდერები არ შეწყვეტილა. კომპანია ,,აი სი ჯორჯიამ’’ რძის პროდუქტების მიწოდება მარტის შემდეგაც გააგრძელა. მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებს, რომ მცხეთელმა ბავშვებმა რძის პროდუქტები მიიღეს ყოველ თვეს.

ჯამში, მცხეთაში ბავშვებისთვის 2020 წლის განმავლობაში, 300 000 ლარამდე ღირებულების რძის ნაწარმი შეიძინეს.

რატომ გააკეთა გორის მერიამ განსხვავებული არჩევანი? - ამ და ჩვენ მიერ მოკვლეული მასალების ირგვლივ გაჩენილ სხვა შეკითხვებზე გორის მერიაში არ გვიპასუხეს. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში კი გვითხრეს, რომ ჩვენს შეკითხვებზე აუცილებლად ექნებათ რეაგირება, თუმცა როდის და რა ფორმით, ეს სააგენტოში აღარ დაუზუსტებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები