ახალი ამბები
სადგურის კანალიზაციის გადამუშავების შემდეგ ,,შავ ოქროს" მიიღებენ


სადგურის დასახლებაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით შენობაში მოხვედრილი ფეკალური მასა გადამუშავდება. გაფილტრულ წყალს მდინარე მტკვარში გაუშვებენ, ხოლო დარჩენილ მასას, სავარაუდოდ, ფოსფორის მისაღებად გამოიყენებენ.

,,ეს შენდება ევროსტანდარტების შესაბამისად, პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის. ჩვენ კომპანია ,,მედმშენის" ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ვართ. გადამუშავებული მასა ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენონ, მათ შორის ფოსფორის მისაღებად" - გვითხრა ადგილზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა.

სადგურის დასახლებაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისა და სისტემის სამუშაოები 2015 წლის 26 დეკემბრისთვის დასრულდება. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,მედმშენს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული.

გამწმენდი ნაგებობა 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ვადებმა წლის ბოლომდე გადაიწია. 2014 წელს დაწყებული მშენებლობა მლნ ნახევარი ლარი ჯდება.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ ვის ბალანსზეც გადავა გამწმენდი ნაგებობა, შემდგომში, ის იზრუნებს გამწმენდ სისტემაში დაგროვებული ნარჩენების გატანაზე თუ შემდგომ გადამუშავებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ, მხოლოდ, მშენებლობის მიმდინარეობას ვაქცევთ ყურადღებას." - გვითხრა პრესსამსახურის მეშვეობით გორის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ.

ადამიანისა და ცხოველების ფეკალური მასებისგან, მცენარეების ნარჩენებისგან მიიღება ე.წ. შავი ოქრო - კომპოსტი.

,,კომპოსტი გადამუშავებული ორგანული ნარჩენებისგან მიღებული ბუნებრივი მასალაა. ის ორგანული საკვები ნივთიერებებით მდიდარია, კერძოდ მასში არსებული ფოსფორი და კალიუმი ამდიდრებს ჰუმუსის შემადგენლობას და აუმჯობესებს მიკრობიოლოგიურ მოქმედებას." - აღნიშნულია ორგანიზაცია ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს გამოცემულ სპეციალურ ბროშურაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები