ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლება გორის მფარველი ხატის გადაცემას ითხოვს
ჟენევაში, 2020 წლის 10-11 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ოქონის ხატი კვლავ მოითხოვა. ამის შესახებ რადიო ,,თავისუფლება" იტყობინება.

რადიო ,,თავისუფლებას'' ინფორმაცია დაუდასტურეს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხატის დაბრუნებას არ აპირებს, რადგან ოქონის ხატი (სპილოს ძვლისგან დამზადებული ტრიპტიქონი) საქართველოს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნას, ოქონის ხატის გადაცემის თაობაზე, გორისა და ატენის ეპარქიაში ეხმაურიებიან. მღვდელი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ ხატი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა და რეგიონის მფარველად ითვლება.

,,ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული.", - ამბობს სასულიერო პირი.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი თვლის, რომ ხატის გადაცემით, საქართველოს ხელისუფლება ერთ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ნდობის აღდგენის კუთხით:

"სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის წმინდად ჰუმანიტარული აქცია და ხატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს, სამხრეთ ოსეთის ხალხს. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მანამდე ვილაპარაკოთ, ვიდრე ხატს არ დაგვიბრუნებენ"-აცხადებს ჯიოევი.

გორის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ელდარ მამისთვალაშვილის თქმით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, ამის შემდეგ, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ დააბრძანა. საქართველოს გასაბჭოვების შემდეგ, ხატი ცხინვალის მიზეუმში ინახებოდა თუმცა, დაიკარგა და ის კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ 2001 წელს, 2 მილიონ დოლარად გაიტანა გასაყიდად. საქართველომ ხატის დაბრუნება 2004 წელს შეძლო და ის ახლა ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

როგორ მოხვდა 1925 წელს ცხინვალის მუზეუმში ოქონის ხატი?

ოქონის ხატის დაბრუნების შესახებ მურატ ჯიოევმა საკითხი 2018 წელსაც წამოაყენა, თუმცა უშედეგოდ. სააგენტო ,,რესმა", ცხინვალის ამჟამინდელი მუზეუმის ხელმძღვანელის, მერაბ ზოსიევის ინტერვიუ გაავრცელა:

,,ლეგენდის მიხედვით, ეს ხატი მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთი ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა."

,,საქართველოში ოქონის რამდენიმე ხატი არსებობს" - გვეუბნება გორის უნივერსიტეტის პროფესორი თამილა გოგოლაძე, რომელმაც ოქონის ხატის შესახებ სპეციალური ნაშრომი ,,ოქონა" დაწერა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ცხინვალის მუზეუმში დაცული ხატის შესახებ ინფორმაციაც გააჩნია:

,,ხატი, რომელიც ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა, 1925 წელს სოფელ ოქონას ეკლესიის სასულიერო მოძღვარმა მიიტანა ცხინვალის მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი მაშინ იყო მიხეილ ცოტნიაშვილი. მიხეილ ცოტნიაშვილი შემდეგ ჩვენი - ცხინვალის ინსტიტუტის დეკანი იყო. ეს ხატი მუზეუმში მიიტანა სწორედ ოქონის ეკლესიის მღვდელმა." - აცხადებს თამილა გოგოლაძე.

გორის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი ამბობს, რომ სოფელ ოქონას ეკლესია წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესიას:

,,ოქონის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები. სწორედ, ამ ეკლესიიდან მიიტანეს ცხინვალის მუზეუმში ხატი, რომელიც წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საწინამძღვრო ხატს." - აცხადებს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელმაც ასევე გამოსცა სპეციალური ნაშრომი ოქონის ხატის შესახებ.

ორივე მკვლევარი ამბობს, რომ ცხინვალის მუზეუმში ქართული ეკლესიიდან გადაბრძანებული ხატი იმ პერიოდის მოვლენების (გასაბჭოების) გამო მოხდა, რადგან ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ.

საქართველოს საგვარეულოთა სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია ზურაშვილის ცნობით, 1408 წელს, მეფე ალექსანდრეს სამართლის მიხედვით, ფალავანდიშვილებს სოფელი ოქონა და ოქონას მონასტერი სისხლის ფასად მისცა ამირან გაბელიძემ, რადგან ამირან გაბელიძემ მოკლა სიაუშ ფალავანდიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები