ახალი ამბები
1 ძროხის გამო მოგებული საქმე - გადაწყვეტილებას მეხუთე წელია მხარეს არ უგზავნიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებმა მოქალაქემ 2017 წელს საქონლით მოვაჭრეს სასამართლო დავა მოუგო, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია.

სასამართლოს კანცელარიაში დაგვიდასტურეს, რომ გადაწყვეტილება მხარეს არ გაუგზავნეს, თუმცა როგორც მოსამართლის თანამშემწემ განგვიმარტა, პანდემიის გამო, ბოლოს დროს შესაბამისი პროცედურების დაცვა ვერ მოახერხა.

საქმე იმაშია, რომ სოფელ ქვახვრელში 2016 წელს მოქალაქისგან შეიძინეს ძროხა 2500 ლარად. თვეების განმავლობაში ძროხის საფასური არ გადაუხადეს. საქმეში ხიდისთავის პოლიციის განყოფილება ჩაერთო. საქონლით მოვაჭრემ მხოლოდ 1000 ლარის გადახდა შეძლო. დანარჩენი თანხის შესახებ დავა სასამართლოში გაგრძელდა.

2017 წელს მოქალაქემ საქონლით მოვაჭრეს დავა მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში ძალში შევიდა და არ გასაჩივრებულა, დღემდე, მისი არა თუ აღსრულება, არამედ, დაინტერესებული მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება გახდა პრობლემა:

,,უკვე 5 წელია დავდივართ სასამართლოში, რომ გადაწყვეტილება ჩავიბაროთ. არ დაადგა საშველი. რამდენჯერად მივა მამაჩემი, იმდენჯერ უკან ისტუმრებენ იმ მიზეზით, რომ მოაწერს ხელს მოსამართლე და გამოგიგზავნითო,''- აცხადებს დაზარალებულის შვილი.

რაც შეეხება საქონლით მოვაჭრეს, ის კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხიდისთავის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მისი ოჯახის წევრები მოინახულეს და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს:

,,ჩემი მეუღლე ვაჭრობა საქონელზე. დაედო ვალები, იძულებული გახდა თურქეთის რესპუბლიკაში წასულიყო, რათა იქ ნაშოვნი ფულით ვალები გადაეხადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლი ბანკში ჩავდეთ ვალების გასასტუმრებლად. როგორც კი, თანხას გამოგზავნის, მაშინვე გადავიხდით მის ვალსაც,'' - განუცხადა მოვალის მეუღლემ პოლიციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები