ახალი ამბები
,,ჩემი შვილი მეორედ წაიყვანეს რუსმა სამხედროებმა'' - დაკავება გუგუტიანთკარში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რამაზ ბეღელურის დაკავების ამბავი ოჯახმა დღეს გაიგო. ამის შესახებ მისმა მამამ განაცხადა.

მისი თქმით, რამაზი სახლიდან გუშინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დღეს კი პოლიციამ აცნობა, რომ მისი შვილი დაკავებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ:

,,ადრეც იყო დაკავებული. ნაკვეთში იყო ასული და იქიდან წაიყვანეს. გუშინ რა მოხდა, ვერ გეტყვით? საიდან წაიყვანეს, როგორ - არ ვიცი. ეს უკვე მეორედ წაიყვანეს რუსებმა" - ამბობს რამაზ ბეღელურის მამა.

რამაზ ბეღელურის დაკავების შესახებ, დღეს სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია. 

,,უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები