ახალი ამბები
გორის პატრულის შენობასთან აქცია გაიმართა


აქციის წევრებმა სოლიდარობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ, 70 წლამდე ასაკის მძღოლს ზაურ ახალკაცს გამოუცხადეს.

მიკროავტობუსის მძღოლი პატრულის თანამშრომლებმა პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის შესრულებლობის ბრალდებით დააკავეს.


დაკავება, პოლიციის თანამშრომლის ე.წ. კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობლის თაობაზე, დღეს გორის ცენტრალურ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ზაურ ახალკაცმა მანქანა მგზავრს ჭავჭავაძის ქუჩაზე გაუჩერა. მას პატრულის ეკიპაჟი მიადგა და მოძრაობის შეფერხების გამო ჯარიმა გამოუწერეს. ჯარიმის გამოწერას შელაპარაკება მოჰყვა.

,,ავადმყოფი კაცია და ასეთი მკაცრად მოპყრობა მის მიმართ დაუშვებელია" - ამბობს დღევანდელი აქციის მონაწილე ოთარ ცეცხლაძე.

,,მძღოლი ვარ და ყველა მძღოლი დაზარალებულია ამის გამო. გალერეასთან, ჰოსპიტალთან და ბევრგან გაჩერების უფლებას აღარ გვაძლევენ. იქ, სადაც ჩვენ გაჩერების გამო გვაჯარიმებენ, ტაქსები დგანან. ზაური ახალკაცმა კი მგზავრის აყვანის მიზნით პირველ ზოლში გააჩერა, არავითარი გზა არ გადაუკეტია" - გვითხრა ოთარ ცეცხლაძემ.

საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გორის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა. 173-ე მუხლი ადმინისტრაციულ, ფულად ჯარიმას 400 ლარამდე ან/და 90 დღით პატიმრობას ითვალისწინებს. ზაურ ახალკაცს ფულადი ჯარიმა გამოუწერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები