ახალი ამბები
ხელჩუა-ზარდიანთკარს შორის გამშვები პუნქტი გაიხსნება - ცხინვალი
მოქალაქეებს, რომლებიც ახალგორისა და ჯავის რაიონში ცხოვრობენ, უფლება ექნებათ ხელჩუა-ზარდიანკარის გამშვებ პუნქტით ისარგებლონ.

ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მოქალაქეებმა შესაბამისი საბუთები უნდა წარადგინონ, რათა გადასაადგილებლად ნებართვები მიიღონ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოახლოებულია საგაზაფხულო სამუშაოები, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ე.წ. სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს ნაკვეთების დამუშავება სჭირდება, მათაც იზრუნონ ნებართვის მოსაპოვებლად.

ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარს შორის საგუშაგო რამდენიმე წელია არსებობს. ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 10-მდე სახლია დარჩენილი.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტა, როდესაც წნელისი-ჩორჩანას კრიზისი დაიწყო.

ბიბილოვის მთავრობა ითხოვდა, რომ ვიდრე წნელისში საქართველოს ხელისუფლება ბლოკ-საგუშაგოს არ გააუქმებდა, გამშვები პუნქტები ჩაკეტილი იქნებოდა.

ფოტოზე: ხელჩუა-ზარდიანთკარის საგუშაგო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები