ახალი ამბები
დიცის სკოლის საპირფარეშოს მშენებლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
,,დავურეკეთ, ჩვენი პრეტენზიები ვუთხარით და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მოთხოვნები გაეთვალისწინებინა, გვიყვირა და გვაგინა,'' - აცხადებს მუშა, რომელსაც დღეს დილით ,,ზუკა მშენის'' ხელმძღვანელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ იმ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, რომელიც მათ 2020 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე გასწიეს:

,,ამოდით და ნახეთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები. დირექტორმა დღეს გვიყვირა, რა ფულს მთხოვთ, კედელი ვერ აგიშენენებიათ და დაგენგრათო. წაიკითხეთ qartli.ge-ზე დევსო. ჩვენი აშენებული არაფერი დანგრეულა, ამოდით და ნახეთ.'' - აცხადებენ მუშები.

გუშინ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვით, დიცის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მშენებლობა დაუსრულებელია. ობიექტი 2020 წლის 30 ნოემბერს უნდა ჩაებარებინა მერიას, თუმცა სასწავლო წლის მეორე სეზონი ისე მთავრდება, პანდემიის პირობებში, სკოლა მოწესრიგებული საპირფარეშო არ აქვს.

,,ზუკა მშენის" დირექტორი გიორგი კარელიძე გორის მერიას, 31 აგვისტოს, ატყობინებდა, რომ სამუშაოს პროცესი გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე დადგნენ, რადგან ლესვის დროს კედელი ჩამოინგრა. ამიტომ, დამატებითი სამუშაობის განხორციელების გამო, ვადის გადაწევა მოითხოვა.

მუშები აცხადებენ, რომ კედლის ჩამონგრევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, კომპანია ,,ზუკა მშენი'' 2020 წლის 20 ივნისს დაფუძნდა. გორის მერიამ მასთან ასიათასობით ლარიანი ხელშეკრულება, პირდაპირი წესით, 2020 წლის 3 ივლისიდან დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები