ახალი ამბები
ერთს თავისუფლება, მეორეს 3-წლიანი პატიმრობა - ცხინვალის რეაგირება ჟენევის მოლაპარაკებების წინ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის პრე-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, მამაკაცს დღეს გაათავისუფლებენ.

,,უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ზარდიანთკარელ გენადი ბესტაევს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბესტაევს ბრალად ე.წ. საზღვრის არაერთგზის უკანონო გადაკვეთა ბრალდება.

გენადი ბესტაევი ბოლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.

,,უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.'' - აცხადებენ სუს-ში.

,,მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას" უწოდებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ რეაგირებას, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გამოხატა. ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების წინ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. ჯიოევის განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები