საქართველოს 41 მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ
ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა. უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან
ელექტრონულ ბაზაში განთავსდა.
ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა
რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი
მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა,
ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.)
საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო
ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით
ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 3 რაიონში -
კასპში, ჩოხატაურსა და ბათუმში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის
რაოდენობა ამ რაიონებში 3982 ბაინდერს შეადგენს.
პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 73
თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 102
თანამშრომელია დასაქმებული.
ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ
საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად,
ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა,
აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო,
პროკურატურა და სხვა.
2015 წლის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 34 996
ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებლების რიცხვი კი 23 080 ბაინდერს
შეადგენს. დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის
გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის
დაგეგმილი.
სტატიის გამოყენების პირობები