ახალი ამბები
დავით ქაცარავა გამყოფ ხაზთან ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითხოვს
,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ხელისუფლებას გამყოფი ხაზის პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟებას კიდევ ერთხელ სთხოვს. ამის შესახებ დღეს იმ ადგილზე ისაუბრა, სადაც 7 მარტს, ადგილობრივ მკვიდრს, რამაზ ჩალაურს რუსი სამხედროები დასაკავებლად გამოედევნენ.

,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დოკუმენტურად აისახოს რუსი სამხედროების ქმედება, რასაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, გამყოფი ხაზის გასწვრივ ახორციელებენ; როგორ დასდევენ ხალხს დასაჭერად და იტაცებენ.

,,ხელისუფლების არგუმენტია, რომ ამით თითქოს ე.წ. საზღვრის აღიარება მოხდება, რაც აბსურდია. ამ საზღვარს არავინ აღიარებს, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც ქვეყანა. აუცილებელია კამერების დამონტაჟება იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იხილოს, როგორ იტაცებენ ხალხს რუსეთის სამხედროები, უსაფრდებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მშრომელ ადამიანებს და შემდეგ დასდევენ. ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე." - განაცხადა ქაცარავამ.

გუშინ 47-წლის რამაზ ჩალაურს სამხედრო მანქანით ჯარისკაცები დაედევნენ. ჩალაურმა გაქცევა ჯერ ტრაქტორით სცადა, შემდეგ კი, ტრატორი მიატოვა და ფეხით გაიქცა. რუსი ჯარისკაცები იარაღის სროლით ცდილობდნენ მის შეჩერებას, თუმცა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა მამაკაცმა მათგან თავის დაღწევა შეძლო:

,,ჩვენ ბაღებში ვმუშაობდი, ბანერიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, პატრულირებას აკეთებდა ჩვენი მანქანა, პიკაპით. დიდი მანქანით გამომედევნენ რუსები, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი პიკაპისკენ, ჩვენებისკენ. მდიეს და ვერ დამიჭირეს, ორნი იყვნენ, მერე რა მოხდა არ ვიცი, ისროდნენ, ჰარში ისროდნენ, მე მაინც ჩემი გავიტანე, გინდაც ესროლათ არ გავჩერდებოდი, ყვიროდნენ გაჩერდიო, სოფლამდე ამომყვნენ" - იხსენებს რამაზ ჩალაური.

გასულ წელს, მაგალითად, ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საპოლიციო კონტროლის გაძლიერება მოითხოვა.

ანალოგიური კვლევა ჩატარა პოლიტიკურ პარტიებშიც, პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია რუსი სამხედროების ქმედებების დაფიქსირება, რაც ვიდეოკამერების დამონტაჟების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები