გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემოსავლების ნაწილში ჭარბი
შემოსავალი აქვს. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის
წარმომადგენელმა გიგა ბუგიანაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს განუცხადა.
ჩართული კამერის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ემოცია ვერ დამალა და
გაოცებულმა იკითხა: ,,ეს როგორ?"
გიგა ბუგიანაშვილმა კოტე თავზარაშვილს აუხსნა, რომ 2015 წლის
დასაწყისში გამგეობამ ბიუჯეტი არასწორად დაგეგმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს წევრი თემურ აფხაზაშვილი, რომელიც
2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
თავმჯდომარე იყო, დეტალურად ჩაუღრმავდება.
,,ასეთი მიდგომა, რომ ოჯახს 1000 ლარი ჰქონდეს შემოსავალი და 200 ლარი
დაგეგმოს, მიუღებელია. მაგრამ საკითხი ძირეულ შესწავლას მოითხოვს.
უნდა გაირკვევს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები" - განაცხადა თემურ
აფხაზაშვილმა.
გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი მერაბ რაზმაძე ამბობს, რომ
2015 წლის ბიუჯეტი 2014 წლის ბოლოს დაიგეგმა.
,,მოგეხსენებათ, რომ გორის მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, 2014 წლის
2 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიქმნა. იმ პერიოდში ძნელი იყო
პროგნოზირება, თუ რა შემოსავალს მიიღებდა გამგეობა. ამჯერად, უკვე
2016 წლის ბიუჯეტი შესაბამისი პარამეტრებით დაიგეგმა და მერწმუნეთ,
უფრო კარგი ბუჯეტი გვექნება" - გვითხრა ინტერვიუს დასრულების შემდეგ
საფინანსო სამსახურის უფროსმა.
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომაგენელი გიგა ბუგიანაშვილი კი ამბობს,
რომ ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წლის პირველ ექვს თვეში შეეძლო
შეემჩნია ჭარბი შემოსავლების დინამიკა.
,,დაბალმა საპროგნოზო მაჩვენებელმა გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტის
ხარჯებიც არასწორად დაიგეგმა. შესაბამისად, უფრო მეტი პროექტების
განხორციელება შეიძლებოდა" - აცხადებს გიგა ბუგიანაშვილი.
ამჯერად, გამგეობამ კოტე თავზარაშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
მოსთხოვა. ჭარბი შემოსავლები სტიქიის დროს დაზიანებული სახურავების
შესაკეთებლად მიიმართება. ასეთი დაზიანებული სახლები შესაკეთებელი
სოფელ ქვახვრელშიც დარჩა, რომლის შესახებ რეპორტაჟს ცალკე
შემოგთავაზებთ.
გამგეობამ კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი ვერ აითვისა,
რომელსაც ცენტრალური მთავრობდა ატენი, ხიდისთავისა და ქვახვრელის
თემში მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ჰპირდებოდა.
ადგილობრივმა ინფრასტრუქტურის სამსახურმა სათანადო პროექტები 2015
წლის მარტიდან ვერ შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები