ახალი ამბები
ჩვილის თანდასწრებით ქალის ცემის ფაქტი - მსჯელობა გორის სასამართლოში
გორის სასამართლომ არ გაითვალისწინა გორის პროკურორის მოადგილის, მორის ჩუბინიძის არგუმენტი, რომლის მიხედვით, ჩვილი ბავშვის ტირილი, ქალის ცემისას, ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს.

პროკურორის განცხადებით, 10 თვის ბავშვმა, დედაზე ძალადობა, სათანადოდ აღიქვა და განიცადა. შესაბამისად, მამაკაცს ბრალი უნდა დამძიმებოდა.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვით, მამაკაცმა შვილს სცემა 10 თვის ბავშვის თანდასწრებით.

დაზარალებული ქალი განმარტავდა, რომ ძალადობისას მისმა 10 თვის შვილმა დაიწყო ისტერიკული ტირილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვმა აღიქვა დედაზე ძალადობა და გამოხატა შესაბამისი რეაქციით - ატირდა. დედამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მამამისს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ძალადობა მცირეწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით.

პროკურორის განცხადებით, მთვრალმა მამაკაცმა 2020 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გორში,  თავის შვილს, ყელში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გამოძიემამ მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წაუყენა.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით, ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამაკაცმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ქმედებაში გამოკვეთილი იყო მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი მძიმე გარემოება.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით, პროკურორის მოადგილემ მორის ჩუბინიძემ გაასაჩივრა. იგი ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2020 წლის 22 ივლისს, გორის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელი.

ამის შემდეგ, პროკურორმა უზენაეს სასამართლოს მიმართა:

,,განსახილველ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია, 10 თვის მცირეწლოვნის ფსიქიკას რეალურად აღექვა ოჯახის წევრზე ძალადობა, რომლის საპირისპიროს უტყუარად მტკიცებისათვის ვერ გამოდგება მხოლოდ ბავშვის ტირილის ფაქტი, რომელიც შესაძლოა, სხვა მიზეზებითაც ყოფილიყო გამოწვეული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, ნამდვილად შეეძლო თუ არა მცირეწლოვანს რეალურად აღექვა ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მამაკაცის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები." - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2021 წლის 8 იანვარს მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები