ახალი ამბები
გორში ტაქსის დგომის ამკრძალავი ნიშანი დადგეს, რომელმაც 75 მძღოლი დააზარალა
გორში, თამარ მეფის ქუჩა #45 ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლებს, მანქანით დგომის უფლება აუკრძალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს:

,,მოთხოვნილია მითითებული ქუჩის №41-დან №45-ის ჩათვლით ტაქსების დგომის აკრძალვა. საგზაო უსაფთხოებიდან და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამართველოსთან ერთად შეისწავლა ზემოაღნიშნული საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩა №45-ის მიმდებარედ განთავსდეს ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) "ტაქსი". '' - აღნიშნულია საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განკარგულებაში, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ ტაქსის მძღოლები. მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ 75 მძღოლი შემოსავლის გარეშე დარჩა. თუმცა, გადაწყვეტილება სასამართლოში არაა გასაჩივრებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები