ახალი ამბები
MDF-მა მთავრობისგან ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციის სამთავრობო დოკუმენტები სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 წლის სამართლებრივი დავის შედეგად მედიის განვითარების ფონდს ის დოკუმენტები გადასცა, რომელსაც ორგანიზაცია ერთ წელზე მეტია ითხოვდა.

2020 წლის 8 იანვარს ,,მედიის განვითარების ფონდმა" საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს 2017-2020 წლებისთვის"ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის" საფუძველზე შემუშავებული 2017,2018,2019 წლის სამუშაო გეგმებისა და მათი ანგარიშების მიღების მოთხოვნით მიმართა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაუკმაყოფლებლობის გამო კი მარტში სარჩელით სასამართლოს მიმართა.

პროცესი 1 წელი მიმდინარეობდა და მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც 2021 წლის 12 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნილი დოკუმენტები მედიის განვითარების ფონდს ჩააბარა.

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის მაკოორდინირებელი წამყვანი ორგანო საქართველოს მთავრობაა. პარლამენტი კი სტრატეგიის აღსრულების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი შუალედურ (6 თვე) და ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, კომუნიკაციის სტრატეგიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმები და შუალედური და ყოველწლიური ანგარიშები საჯარო უნდა იყოს. თუმცა, 2017-2019 წლის არც სამოქმედო გეგმები და არც მათი განხორციელების შესახებ ანგარიშები სასამართლოში საქმის განხილვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ ყოფილა. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები