ახალი ამბები
წლის მასშტაბური დაკავება გორში - ბრალდებულია 11 პირი

,,საერთაშორისო თაღლითური სქემის" სახელწოდებით ცნობილი ამბავი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა გასულ კვირას გახსნილად გამოაცხადა.

საქმეზე წინასწარი პატიმრობა გორში 11 პირს მიესაჯა.

საქმეში თავდებად ადგილობრივი სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც ჩადგნენ, თუმცა, საგამოძიებო ჯგუფის არგუმენტები მოსამართლისთვის შედარებით მტკიცე აღმოჩნდა.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2015 წლის 24 დეკემბერს შეუფარდეს.

Qartli.ge -სთვის კონფიდენციალური წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ქართულ ბანკებში ოფშორული ზონიდან ფულის დიდი რაოდენობა გადაირიცხა. აშშ-ს საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, გადარიცხული თანხების ანგარიშები დაყადაღდა. საქმის დეტალები კი, იმ 16 ტომში წერია, რომელიც ადვოკატებს უკვე გადაეცათ.

,,16 ტომი გადმომეცა გასაცნობად. როცა გავეცნობი საქმეს ბოლომდე, შეიძლება მოგაწოდოთ ჩვენი პოზიცია, ან არ მოგაწოდოთ. ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს უნდა შევუთანხმდე" - გვითხრა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

თანხები ბანკომატიდან სხვადასხვა პირებმა გაიტანეს. კონკრეტულმა მეწარმეებმა, რომლებსაც ზოგს საკალმახეები აქვს, თანხების მოძრაობა სამეწარმეო საქმიანობას დაუკავშირეს.

დაკავებულებს შორის გორის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეცაა. Qartli.ge დაკავებულის მეუღლეს დაუკავშირდა, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

რატომ თვლის გამოძიება, რომ ქართულ ბანკებში ოფშორული ზონიდან გადარიცხული თანხები ,,შავი ფულია?", ან საერთოდ რა თანხასთანაა საქმე, ამის გასარკვევად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მუშაობას აგრძელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა კუთვნილი, მაგნიტურზოლიანი საკრედიტო ბარათის მონაცემებს.

შემდგომში, საქართველოში ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს და სპეციალური ტექნიკური მოწყობილების საშუალებით, მოპოვებული პერსონალური მონაცემები ყალბი პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ველში შეჰყავდათ.

აღნიშნული ბარათების მეშვეობით თანხა ნაღდებოდა.

ბრალდებულები უკავშირდებოდნენ კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს და განაღდებული თანხის 50% ის შეთავაზების სანაცვლოდ, სხვადასხვა კომერციული ბანკის პოს ტერმინალების გამოყენებით სოლიდური თანხის განაღდება ხორციელდებოა, რაც გარკვეული სავაჭრო შეთანხმებით ფორმდებოდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილით, ასევე 210-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები