ახალი ამბები
რატომ ვერ ამტკიცებს გორის საკრებულო ბიუჯეტს

„ხელისუფლება ხელს უშლის ბიუჯეტის დამტკიცებას“ – ასე ფიქრობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ თედლიაშვილი,  რომელმაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა ინფორმაცია,  რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა,  რომელიც 14 იანვარს იყო ჩანიშნული, აღარ გაიმართება.

„5 იანვარს დაგეგმილი ბიუროს სხდომა მმართველმა გუნდმა ჩაშალა და შესაბამისად რიგგარეშე საკრებულოს სხდომა 14 იანვარს აღარ გაიმართება. სხდომაზე ბიუჯეტი უნდა დაგვემტკიცებინა,  შემათანხმებელმა ჯგუფმა მუშაობა დავასრულეთ და შევჯერდით ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.  ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას 8 დეპუტატის ხმა ჰქონდა,“ - ამბობს თედლიაშვილი.

საკრებულოს დეპუტატი ამ ყველაფერს იმპიჩმენტის მოთხოვნას უკავშირებს.

„ხელისუფლება დროს წელავს, რომ სკამები როგორმე შეინარჩუნოს. გადაბირება მიდის საკრებულოს უკვე დამოუკიდებელ დეპუტატის ,  სოსო ფალელაშვილის. ურეკავენ და მის დაშინებას ცდილობენ, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი არ დაუჭიროს.“

თედლიაშვილი იმ პრობლემებეზეც ამახვილებს ყურადღებას,  რომელიც ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შექმნა:  იმის გამო, რომ საკრებულო ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს,  დეპუტატის თქმით,  შეჩერებულია რამდენიმე პროექტი;  გაურკვეველი რჩება იმ ადამიანების საკითხიც,  ვისაც ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა სჭირდება.

„ბიუჯეტის გამო შეჩერებულია ჯანდაცვის პაკეტები ონკოლოგიური ავადმყოფები რიგში დგანან და დახმარებას ვერ იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე დაუკავშირდა ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს ინტერვიუს თხოვნით და ეცდება,  თამარ თედლიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაშინებასა და მუქარებზე თავად სოსო ფალელიშვილთან გადაამოწმოს.

ჯერჯერობით უცნობია,  როგორია სახელისუფლებო გუნდის არგუმენტები 14 იანვრის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით,  ამის გარკვევას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უმრავლესობის დეპუტატებთან შეეცდება. ამ დროისთვის ცნობილია,  რომ საკრებულოს მომდევნო გეგმიური სხდომა 5 თებერვალს არის დანიშნული. სწორედ ამ სხდომაზე უნდა განიხილონ დეპუტატებმა უკვე ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტიც და თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის საკითხიც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები