ახალი ამბები
შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი გორის გამგებელს სასამართლოში უჩივის

გორის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ივანე ქოჩორაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო.

გამგებლის გადაწყვეტილებას ივანე ქოჩორაძე, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, სასამართლოში გაასაჩივრებს.

2015 წლის 5 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები ჩამოყალიბებული არ არის. გამგებელი მიუთითებს მხოლოდ შრომის კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც ხელმძღვანელ პირს ხელქვეითის მოხსნის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.

ივანე ქოჩარიძის გათავისუფლების მიზეზები წერილობით არ არსებობს. ეს არც ბრძანებაში წერია, არც ივანე ქოჩორაძისთვის უთქვამს ვინმეს და არც გამგებელი განმარტავს.

უფრო მეტიც, ბრძანების ტექსტში გამგებელს მითითებული აქვს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. ამ ნორმის მიხედვით, არაა აუცილებელი გათავისუფლების შესახებ რაიმე დასაბუთება და განმარტება.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ბრძანების მიღმა არსებულ საკუთარ არგუმენტებზე  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არ ისაუბრა. მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილება ივანე ქოჩორაძის არაკომპეტენტერობის გამო მიიღო.

ივანე ქოჩორაძის თქმით, მსგავს თემებზე გამგებელთან და არც სხვა ხელმძღვანელ პირებთან საუბარი არ ყოფილა.

,,წინა დღეს მითხრეს, რომ იწერებოდა გათავისუფლების ბრძანება. რატომ, რისთვის, ამის შესახებ, არავინ მითხრა" - აცხადებს ივანე ქოჩორაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის დებულების მიხედვით, ივანე ქოჩორაძის უწყებას შეეძლო გამგეობის სისტემიდან შეუზღუდავად მოეთხოვა მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი. ხელი მიუწვდებოდა მონაცემთა ბაზებზე.

ასევე ატარებდა შიდა აუდიტს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში, ხოლო შედეგებზე დაყრდნობით, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შეეძლო გამგებლისთვის მიემართა.

ფოტოზე: გამგებელი დავით ონიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები