ახალი ამბები
ყინწვისელების პროტესტმა შედეგი გამოიღო - მღვდელი ნაომი ფერმას აღარ აშენებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში მოსახლეობის პროტესტმა შედეგი გამოიღო. ადგილობრივების თქმით, სასულიერო პირი ნაომი ფერმას აღარ აშენებს.

როგორც ყინწვისელებმა გვითხრეს, ფერმა იმ გზის პირზე უნდა აშენებულიყო, რომლის გავლითაც ადგილობრივებს საქონელი საბალახოდ მიყავთ.

,,წერილობითი პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ როგორც გვითხრეს, მერიის ხალხი შეხვედრია მეუფე იობს და გადაუწყვეტიათ, რომ იქ ფერმა აღარ აშენდეს. შეგიძლიათ, თავისუფლად იაროთო, ასე შემოგვითალეს'' - ამბობენ ყინწვისელები.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ, საქონლის მწყემსებს სასულიერო პირებმა საქონლის ძოვება აუკრძალეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა:

,,ისედაც მცირე საძოვრები გვაქვს. კი ბატონო, მანამდე გააშენეს ბლის ბაღები, შემოღობეს ტერიტორიები, მაგრამ ის, რომ გზაზე აღარ ვატაროთ საქონელი, ეს მიუღებელია. თუ ერთი ძროხა ყავს მამა ნაომს, ჩამოიყვანოს სოფელში და ჩვენ შევუნახავთ. რძესაც ავუტანთ და ყველსაც'' - გვითხრეს ყინწვისელებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები