ახალი ამბები
ადვოკატი ცდილობს შალვა გულიაშვილის (,,სემსოტას'') ადგილსამყოფელის გარკვევას
გორში იმყოფება ადვოკატი ანა ჟღენტი, რომელიც ცდილობს შალვა გულიაშვილის ადგილსამყოფელის გარკვევას და მისი ინტერესების დაცვას. ის ცოტა ხნის წინ გვესაუბრა და აღნიშნავს, რომ ტელევიზიით გაიგო ფაქტის შესახებ.

ფაქტი კი, წუხელ გორში მომხდარ დაჭრას ეხება, რა დროსაც 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო ამ საქმეში შალვა გულიაშვილი, მეტსახელად ,,სემსოტა'' ფიგურირებს.

,,ეს ამბავი მეც ტელევიზიით გავიგე, ვცდილობ, გავარკვიო, სად ყავთ და ისიც გავარკვიო, ნამდვილად მას წაუყენეს თუ არა ბრალი. ეს გარემოებაც არაა ჩემთვის ცნობილი. თუ ნამდვილად იმ ადამიანის დაკავებაზეა საუბარი, ვის ინტერესებსაც მე ვიცავ, საქმის გარემოების შესახებ, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში'' - გვითხრა ანა ჟღენტმა.

შალვა გულიაშვილის ადგილსამყოფელის გასარკვევად, ადვოკატი შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურაში მივიდა.

ჩვენს კითხვაზე, წარსულში რაიმე უთანხმოება არსებობდა თუ არა, შალვა გულიაშვილსა და ზურაბ რიკრიკაძეს შორის, მას მსგავსი ფაქტი არ ახსენდება. ანა ჟღენტი წლების განმავლობაში შალვა გულიაშვილის ინტერესებს იცავს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, გვიან საღამოს, გორში 42-წლის ზურაბ რიკრიკაძე დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ამ დრომდე ათეულობით მოწმე დაკითხა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. შს სამინისტრომ თანამშრომლებმა ჩხრეკა შალვა გულიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც ჩაატარეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები