გორის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი გიორგი კაპანაძე ოცმეთაური
გახდა. ის 3 წლის წინანდელი
ინციდენტის შემდეგ
დააწინაურეს, რომელიც რესტორან ნაჭარმაგევში მოხდა.
კაპანაძეს რესტორანში ჩხუბი მოუვიდა. ყბის ძვლების მოტეხილობით
საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი მკურნალობას სოფელ ბერშუეთში,
საკუთარ სახლში აგრძელებდა.
მისი ცემის გამო, გორის პროკურატურამ 4 პირს ბრალი 2021 წლის 7 ივლისს
წაუყენა. ბრალდებულებს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაშიც
ედებათ ბრალი.
საქმეში ვიდეოჩანაწერი დევს, სადაც ჩხუბის დაწყების დეტალები ჩანს.
პატრულის თანამშრომელი რესტორანში სამოქალაქო ფორმაში იმყოფება.
ერთ-ერთი ბრალდებული თამაზ რიკრიკაძეა, რომელიც, მედიაში გავრცელებული
ცნობით, შს მინისტროს ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია.
პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე რეაგირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც
კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგა.
რიკრიკაძესთან ერთად ბრალი კიდევ 3 პირს წაუყენეს. ადვოკატი, თამარ
თედლიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს
იმ კუთხით, რომ 7 ივლისს, მოსამართლემ ბრალდებულებს წინასწარი
პატიმრობა არ შეუფარდა:
,,3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ბიჭებს არც ერთხელ
უცდიათ მიმალვა ან გამოძიებისთვის თავის არიდება. რაც იმას ნიშნავს,
რომ არანაირი საფუძველი არსებობდა წინასწარი პატიმრობის. რაც შეეხება
იმ ფაქტს, თუ რა მოხდა რესტორანში, არსებითი განხილვის დროს,
გაირკვევა'' - ამბობს ადვოკატი.
ოთხივე ბრალდებულს გირაო შეუფარდეს.
რატომ გაიხსენეს რესტორანში მომხდარი ფაქტი 3 წლის შემდეგ? ადვოკატი
არც ერთ ვერსიას გამორიცხავს. ამ ვერსიებს შორის ერთ-ერთია კახა
საბანაძის ნათესაობა. საბანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი
გახარიას თანაგუნდელია, რომელმაც ერთი კვირის წინ გორში პარტიის ოფისი
გახსნა.
ის, რომ რესტორანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე დაგვიანებულ
რეაგირებას პოლიტიკური ელფერი ადევს, კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი
კიკნაძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნაც ადასტურებს.
კიკნაძე ,,ლელო საქართველოსთვის'' გორის ორგანიზაციის წევრი
გახდა.
რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორს გიორგი კაპანაძეს, ის ინციდენტის
შემდეგ, სამუშაოდ გორიდან სხვა ქალაქში გააგზავნეს.
კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც, შესაძლოა, პოლიციას რიკრიკაძის
დაკავების ინტერესი გაუჩნდა. ერთი თვის წინ, თამაზ რიკრიკაძის ბიძა
სასიკვდილოდ
დაჭრეს. ამ ფაქტის გამო, დაკავებულია შალვა
გულიაშვილი (,,სემსოტა'), თუმცა პოლიციას ეჭვი აქვს, რომ გარჩევაში
თამაზ რიკრიკაძეც მონაწილეობდა.
სტატიის გამოყენების პირობები