ახალი ამბები
კასპელები სოკოს ქარხნის ნარჩენების გატანას ითხოვენ
კასპის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და მინდვრები პოლიეთილენის პარკებით გაივსო.

ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს სოკოს მწარმოებელი კომპანინის წინააღმდეგ გამოთქვამს.

კასპელი დავით ნიპარიშვილის განცხადებით, ქარხნის ტერიტორია შემოღობილი არაა, შესაბამისად, ქარხნის ეზოში დაყრილი ნარჩენები ქარს ნაკვეთებისკენ მიაქვს.

კასპში მცხოვრები მიხეილ ბექაური აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორია ცელოფნის პარკებისგან 2 კვირის წინ გაასუფთავეს.

,,მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ ტერიტორია ამ ნარჩენებისგან ისევ ივსება" - ამბობს მიხეილ ბექაური.

კომპანია ,,მაშბროს" წარმომადგენელი შმაგი შამანაური აცხადებს, რომ პოლიეთილენის პარკების გაფანტვა მოსახლეობის ბრალია.

,,ჩვენ სოკოს გადამუშავების შემდეგ წარმოქმნილ ნარჩენებს, ე.წ. კომპოსტს, მოსახლეობას ვჩუქნით. ის ნიადაგისთვის სასარგებლოა და თვითონვე ცელოფნის პარკებით მიაქვთ. სხვა ქვეყნებში ესეთი ნარჩენები იყიდება, ჩვენ კიდევ, უფასოდ ვაძლევთ. თვითონვე არ უფრთხილდებიან გარემოს." - ამბობს შმაგი შამანაური.

დავით ნიპარიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა მომავალში ნიადაგს სოკოები მოედოს და, შემდეგ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს საჭირო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები