ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ბოლო 24 საათში 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედია ,,რესი'' ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილია 66 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე გული აწუხებდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ცხინვალის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის დირექტორმა. ეს ის დაწესებულებაა, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მკურნალობენ.

,,რესის'' ცნობით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი პაციენტი.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, კორონავირუსს 471 ადამიანი ებრძვის, გამოჯანმრთელდა - 14 პაციენტი.

პანდემიის დასაწყისიდან ინფიცირებულთა რაოდენობა 4037 ადამიანი იყო, 3566 გამოჯანმრთელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები