ახალი ამბები
რატომ გაუქმდა აცრაზე 3 000 ჯავშანი - ეპიდემიოლოგები მიზეზებს სწავლობენ
დღევანდელი მონაცემებით, 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ეჭვობენ, რომ შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილი გამიზნულად ჯავშნიდეს ვაქცინაციის ადგილებს, შემდეგ კი ასაცრელად არ მიდიან, რათა ამ გზით ვაქცინაციის პროცესს შეუშალონ ხელი. 

“ახლა ჩვენ საიტის სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ რა იყო გაუქმების მიზეზები და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა არის მეორე [ვერსია], რადგან ინფიცირების მაჩვენებელი არის მაღალი, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან გვქონდა მესამე მიზეზი, რომ იყო დაჯავშნილი სინოფარმზე, შემდეგ ამოეწერნენ სინოფარმიდან და შემდეგ გადაჯავშნეს ფაიზერზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ადგილები გაუქმებულია სინოფარმის ვაქცინებზე. იმნაძის განცხადებით, ამის მიზეზი შეიძლება საქართველოში “ფაიზერის” შემოტანა გახდა და ადამიანებმა “სინოფარმის” ნაცვლად “ფაიზერით” აცრა მოინდომეს, თუმცა ეჭვებს ბადებს ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული “ფაიზერზეც”.

“რაც სისტემიდან მარტივად ამოღებადია ის ამოვიღეთ. საკვირველად მეტი ადგილია გაუქმებული აცრებზე. ერთი იმდენი “სინოფარმზეც” გაუქმდა. მესმის ეს შეიძლება იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას მერე “ფაიზერი” უფრო მოეწონა, “სინოფარმზე” გააუქმა და “ფაიზერზე” გადაეწერა. კი ბატონო… მაგრამ “ფაიზერზე” ერთი იმდენი რომ არის გაუქმებული, რა თქმა უნდა, ჩვენში ეს უკვე ადრე გამოთქმულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა და სისტემაში ხელოვნურად ადგილის დაკავება”, – განაცხადა იმნაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები