ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი ლადო ხინჩეგაშვილს კონსულტაციებს გაუწევს
პოლიტიკაში დარჩება თუ არა კონსტანტინე თავზარაშვილი, ამის შესახებ ორ კვირაში გახდება ცნობილი.

საკუთარი გეგმების შესახებ გორის მერმა ტელეკომპანია ,,სეზონი ტვ''-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ჯერ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, თუმცა სად იქნება არჩევნებისა და ახალი მერის არჩევის შემდეგ, მინიმუმ ორ კვირის შემდეგ ისაუბრებს.

,,არ ვიცი, ვნახოთ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს მისაყვანი. მე საკრებულოში შევალ, არ შევალ, სხვაგან დავიკავებ პოზიციას.... ამას მომავალი გვიჩვენებს' - აცხადებს თავზარაშვილი.

,,სეზონი ტვ'-ს ჟურნალისტის კითხვაზე, არჩევის შემთხვევაში, როგორი მერი იქნება ლადო ხინჩეგაშვილი, კოტე თავზარაშვილი პასუხობს:

,, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ერთგვარ კონსულტაციებს გავუწევთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. მე ვურჩევდი, რომ ძალიან კარგი თვალით შეხედოს ქალაქს, შეიძლება, მე გამომრჩეს. ის კი ახალგაზრდა კაცია და უფრო კარგად დაინახავს. ვურჩევდი, რომ თავისი საქმე უყვარდეს.'' - განაცხადა თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მმართველმა გუნდმა გორის მერობის კანდიდატად ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დაასახელა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები