ახალი ამბები
კასპის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახურის დატოვებას აიძულებენ
კასპის კულტურის სამსახურის თანამშრომელი გიული ჭიხინაშვილი ამბობს, რომ ხელმძღვანელი აიძულებს სამსახურის დატოვებას.

მისი თქმით, ამის შესახებ, კულტურის სამსახურის უფროსმა ტელეფონით შეატყობინა.

,,მე ვკითხე, რასთან დაკავშირებით უნდა წავსულიყავი სამსახურიდან. მან მითხრა, რომ ვიყავი სხვა გუნდის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას გუნდის წევრი და ამიტომ უნდა დამეტოვებინა სამსახური. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე'' - ამბობს გიული ჭიხინაშვილი.

გიული ჭიხინაშვილის მიმართ დევნა დაიწყო ჯერ კიდევ მაისიდან, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ახალი პარტიის შექმნის შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა. 11 მაისს გიული ჭიხინაშვილი სოციალურ ქსელში წერდა:

,,ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული. მიმდინარეობს ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით არამარტო თანამდებობის პირებზე, არამედ საჯარო სამსახურის თანამშრომლებზეც, მათ შორის ჩემზეც! 11 მაისის საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში პანდემიის ფონზე გამოცხადებულია უქმეები, სამუშაო ხელშეკრულება დეკემბრის ჩათვლით მაქვს გაფორმებული და არანაირი იურიდიული უფლება არ აქვთ სამსახურიდან გათავისუფლების. დამიბარეს და მითხრეს, რომ პირადი სურვილის საფუძველზე, დამეწერა განცხადება და დამეტოვებინა სამსახური! ვინ დამიბარა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, რადგან ისინიც ცენტრალური პარტიის მხრიდან იყვნენ დავალებულები და მათ ბრძანებას ასრულებდნენ! რა საკვირველია, არ დამიწერია განცხადება და არც ვაპირებ, რადგან მიყვარს ჩემი საქმიანობა, ჩემი თანამშრომლები, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობა და მათ უზომოდ დიდ პატივს ვცემ! მე, რომელიც ,,ოცნებას" წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვემსახურებოდი, მდევნის როგორც ჩვეულებრივ პოზიციაზე მყოფ საჯარო სამსახურის თანამშრომელს, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მაცხოვრებელი ვარ და ზეწოლას განვიცდი ჩემივე ხელისუფლებისგან! არ ვაპირებ სამსახურიდან წამოსვლას და არ დავწერ განცხადებას!'' წერდა გიული ჭიხინაშვილი სოციალურ ქსელში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები