ახალი ამბები
გორის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს თავს დაესხნენ და სხეულის დაზიანება მიაყენეს
27 აგვისტოს გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მხილებულნი არიან მისი მეზობლები.

მეზობლებს შორის დავა ქონებას უკავშირდება, რომლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

რაც შეეხება 27 აგვისტოს ინციდენტს, საღამოს სამმა მეზობელმა მამაკაცმა მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენა.

,,მესროლეს შუშები, ქვაბი და სხვა ნივთები. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. ერთ-ერთი მოძალადე, რომელიც 16 წელი იჯდა ციხეში, ყველაფერს კადრულობდა. ხტებოდა ფანჯრიდან და კიდევ იწევდა ჩემი მისამართით. ყველაზე საინტერესო ისაა, როცა პოლიცია და პატრული გამოვიძახე, სხვანაირად დაიწყო საუბარი. გამოიყენა ალიბად ის ფაქტი, რომ მე თურმე ვიყავი ნაციონალი და ყველა ნაციონალს უტრიალებდა დედას. ესე იგი, თუკი ნაციონალს აგინებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელშეუხებელი იქნები. პოლიციამ იმას მეკითხებოდა, თუ როგორ გავხდი საკრებულოს წევრი. ვუთხარი, რომ მე ორი წლის წინ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა და ვითვლებოდი უკვე დამოუკიდებელ წევრად. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვერ ვხვდებოდი'' - იხსენებს ირმა ამბარდნიშვილი.

ირმა ამბარდნიშვილმა ეს ისტორია პირველად შიდა ქართლის ტელევიზიის, ,,ტვ მონიტორის'' ეთერში მოყვა. მან გაიხსენა სხვა დეტალებიც, თუ ვისთან აგვარებდნენ საქმეს მასზე თავდამსხმელები:

,,რეკავდნენ შსს მაღალჩინოსანსთან, არხილოსკალოელ - კობაიძესთან და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან. ლაშა ბექაურის დედაც ამ სოფლიდანაა.'' - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

როგორც საკრებულოს წევრი აცხადებს, ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, გორის პოლიციამ გადაწყვიტა მხილებული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დაეკავებინა.

,,რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიციამ კი ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა და გაათავისუფლა კიდეც. მე მოვითხოვე ამ პირების განრიდებაც, რადგან არ ვიცი ხვალ რა მელის.'' - აცხადებს ამბარდნიშვილი.

ამ ფაქტის შემდეგ ირმა ამბარდნიშვილმა გორის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურაც მოხსნა. ის მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს გორის #1 უბნის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს. ირმა ამბარდნიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები