ახალი ამბები
კომპანიას, რომელიც ქარელში ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 1 თებერვლამდე გაუგრძელეს
კომპანია ,,არილს'', ქარელის ხიდის რეაბილიტაციის მიზნით დაწყებული მუშაობისთვის, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 1 თებერვლამდე გაუგრძელეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგლემ გიორგი ციბაძემ მიიღო.

ქალაქ ქარელის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია, 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 8 თვეში, 2021 წლის ივნისის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. ხიდი 2021 წლის 1 სექტემბერს უნდა გახსნილიყო.

თუმცა, როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ 40%.

კომპანია ,,არილთან'' დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 4-ჯერ შეიტანეს. ახალი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ძირითადი სამუშაოები, ზამთრამდე, 2021 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ხოლო, დამატებითი სამუშაოები (ექსპერტიზა და მიღება-ჩაბარების აქტი) 2022 წლის 1 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს. 

ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში მიმწოდებელი უხეშად არღვევდა შრომის უსაფრთხოების წესებს, კერძოდ: მუშა პერსონალის ნაწილი სამუშაოების წარმოებისას არ იყო შემოსილი შუქამრეკლი ჟილეტებით, არ იყენებდნენ დამცავ ჩაფხუტებს და უსაფრთხოების ღვედებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, როგორც საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი წერს, მიმწოდებელი გულგრილად ეკიდებოდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამიტომ, 2021 წლის ივნისში, კომპანია დაახლოებით 11 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1,1 მლნ ლარია. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას ათვისებული აქვს 435 000 ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები