ახალი ამბები
გორში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კუკური ნოზაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
შიდა ქართლში, დღეს დილით სპეცოპერაცია ჩატარდა. განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლებმა 10-მდე პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან როგორც გორში, ასევე, ხაშურში. მათ შორის, გორში მცხოვრები კუკური ნოზაძე, რომელიც წლების განმავლობაში პოლიციას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ჯერ კიდევ 2017 წელს, პატრულირების დროს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდებს აჩერებდმენ და აიძულებენ მათ, რომ კუკური ნოზაძესთვის შეეგინებინათ.

ამის შესახებ კუკური ნოზაძე 2017 წელს გვესაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან და მისმა ადვოკატმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, ზეწოლები არ წყდება.

კუკური ნოზაძე წარსულში არაერთგზის ნასამართლევია, ბოლოს ის, იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე, 2012 წელს დააპატიმრეს, რის გამოც, ციხეში 5 წელი გაატარა.

სწორედ, ამ უკანასკნელი საქმის დეტალების გამო, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებს, გამომძიებელ ლავრენტი იოსებიძეს, პროკურორ ირაკლი მირცხულავას, მოწმეებს (პოლიციის თანამშრომლებს) და სხვა პირებს უჩივის. განაცხადი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში სამი თვის წინ მიიღო.

,,ზეწოლა ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას დაიწყო" - გვითხრა კუკური ნოზაძემ - ,,ჩემი მდგომარეობის შესახებ ადვოკატმა ღიად განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს დასრულების შემდეგ, საქმე სტრასბურგში წავიდოდა"

2017 წლის აპრილში, ციხეში პატრიარქის სტუმრობის დროს, უამრავ ადამიანს შორის, რომლებიც იმ დროს ციხეში შევიდნენ, ვინმე ,,მერაბიც" იმყოფებოდა. იგი კუკური ნოზაძეს დაემუქრა. მუქარის ტექსტის მიხედვით, თუ არ დაანებებდა პოლიციელების მიმართ ჩივილს, მწარედ ინანებდა ოჯახის წევრების მძიმე მდგომარობაში ჩაგდებით.

გორის სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა 5-წლამდე შეუმცირა, უზენაესმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და 2017 წლის გაზაფხულზე გათავისუფლდა. კუკური ნოზაძე ამბობს, რომ ის ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს, ხელყუმბარა და მარიხუანა ჩაუდეს.

,,ვიდრე სასამართლო დამთავრდებოდა, ეს ხელყუმბარა გააქრეს. არ ჩაატარეს ექსპერტიზა მასზე. რა უფლება ჰქონდათ, რომ ნივთმტკიცება თავიდანვე გაანადგურეს?. იმ ე.წ. ხელყუმბარაზე ჩემი არც ანაბეჭდი ამოვიდოდა და არც დნმ-ის კვალი აღმოჩნდებოდა. და კიდევ მეორე ფაქტი: უზენაესმა სასამართლომ მუხლი, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენის შესახებ, შემიცვალა მოხმარებით. ამ დროს კი, ექსპერტიზაც კი არ იყო ჩატარებული ნარკოტესტზე და მოხმარების ფაქტი საიდან დაადგინეს? მარიხუანა ჩემ სიცოცხლეში არ მომიხმარია" - აცხადებს კუკური ნოზაძე.

რამდენიმე წლის წინ, ის ციხეში სასტიკად აწამეს. ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და, ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში მძიმე დიაგნოზით აღრიცხვაზეა:

,,მე, ძალიან ადრე წარსულში, თუ რამ ჩავიდინე, იმაზე ვაგე პასუხი, დამსაჯა კიდეც ღმერთმა, მაგრამ ახლა მინდა შვილიშვილებთან ცხოვრება გავატარო მშვიდად, წყნარად. მიუხედავად ამისა, კვლავ არ მეშვებიან. უბანში ბიჭებს აჩერებენ პოლიციელები და ეუბნებიან, რომ თუ კუკური ნოზაძეს შეაგინებენ, მაშინ გაუშვებენ" - აცხადებს კუკური ნოზაძე.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის არსებობა გამორიცხულია.

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრის გამო მის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე სახალხო დამცველის ოფისმა გენერალურ ინსპექციას წერილობით უკვე აცნობა. წერილობითი ასლების მიხედვით, ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსაც აქვთ. ჯერჯერობით, გენინსპექციის პასუხი არც კუკური ნოზაძეს და არც სახალხო დამცველს არ მიუღიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები