ახალი ამბები
ქურდული გარჩევა მანქანის გამო - დაკავებულია 11 პირი
გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“).

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მტკიცებით, აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

,,ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.'' - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულთან ერთ-ერთს, კუკური ნოზაძეს, რომელიც წლების განმავლობაში პოლიციას დევნაში ადანაშაულებს, ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს:

,,არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, უბრალოდ, როგორც ყველას უსმენენ, ესეც არის მოსმენების შედეგად შეთხზული სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ შიდა ქართლში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთის, კუკური ნოზაძის ადვოკატმა განაცხადა. მამუკა ნოზაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, სატელეფონო მოსმენების და თვალთვალისას მოპოვებული გარკვეული ფრაზეოლოგიის საფუძველზე ედავებიან.'' - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა პირები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები