ახალი ამბები
,,რა შეიძლება ამას შევადარო, რა სახელი დავარქვა'' - სახალხო დამცველის მოადგილე ქარელში მომხდარ ინციდენტზე
,,მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა შეიძლება შევადარო, რა სახელი დავარქვა, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისში მომხდარ ინციდენტს.

სახალხო დამცველის მოადგილის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს, რომელიც ეხება ქარელში ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორის დაშავების ფაქტს.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, მედიის წარმომადგენელზე ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია.

"ჟურნალისტზე ნებისმიერი სახის ძალადობა, ვერბალურიც კი არის საშინელება, არაფერს ვამბობ ფიზიკურ ძალადობაზე. ძალიან შეშფოთებული ვადევნებდი თვალ-ყურს იმ საღამოს მედიაში განვითარებულ მოვლენებს. იმედი გვაქვს, გამოძიება კითხვებზე პასუხს გასცემს. შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს. არ ვიცი, რა შეიძლება ამას შევადარო, რა სახელი დავარქვა. ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და ნათელი მოეფინება ყველაფერს," - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, ,,მთავარის'' ჟურნალისტები ქარელში, მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდნენ. ,,ქართული ოცნების'' ოფისში მისულ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით ოფისის დაატოვებინეს. ამ ინციდენტის დროს, ოპერატორი მეორე სართულის მოაჯირიდან კიბეებზე გადავარდა. 

,,ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ოპერატორი უკანა სვლის დროს მოაჯირიდან თავისით გადავარდა. ჟურნალისტების თქმით, აგრესიული ადამიანები ძალის გამოყენებით აიძულებდნენ შენობის დატოვებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები