ახალი ამბები
„სასამართლოს გუშაგი“ გორში მოხალისეთა მიღებას აცხადებს
ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის ინოვაციურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყებაში“ მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი სასამართლო სისტემის მიმართ, არიან აქტიურები, მიზანდასახულები, კომუნიკაბელურები, ორგანიზებულები და დეტალებზე ორიენტირებულები.

ძირითადი მოვალეობები: „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ ორგანიზებულ ლექციებზე დასწრება; სასამართლო პროცესებზე დასწრება/მონიტორინგი; სპეციალური კითხვარების შევსება და შეგროვებული ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციისთვის; სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა

დაინტერესებულმა პირებმა, 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნონ: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან ტელეფონის ნომერზე 555 46 56 25.

მსურველებთან ჩატარდება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც მოხდება შერჩევა. მოხალისეებს აუნაზღაურდებათ ყოველდღიური ხარჯი.

,,ჩვენ არ ვითხოვთ CV-ს და არც სამოტივაციო წერილს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ინტერესი სასამართლო სისტემის მიმართ, რათა ერთობლივი ძალებით შევცვალოთ სასამართლო უკეთესობისკენ'' - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი; სამუშაო დრო: განისაზღვრება შეთანხმებისამებრ (პროექტი სრულდება 15 ნოემბერს)

პროექტის შესახებ:

„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ არის ორგანიზაციის ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. კერძოდ, სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება საქართველოში ინოვაციური მეთოდოლოგიით - სასამართლო პროცესების მონიტორინგი იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს და პროფესიით არ არიან იურისტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე პროექტს განახორციელებს ქ. გორში.

,,პროექტის ფარგლებში ჩატარდება ლექციები მოხალისეებისთვის, რის შემდეგაც მონიტორინგის მიზნით დაესწრებიან პროცესებს, ხოლო სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე მოხდება ხარვეზების იდენტიფიცირება და ინფორმაციის შეგროვება. პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების გაზრდას არა მხოლოდ სასამართლო სისტემის თაობაზე, არამედ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზეც.'' - განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი განმარტებით, სასამართლო სისტემა და საზოგადოება ერთმანეთისგან გაუცხოებულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმები, თუმცა ფართო საზოგადოება აღნიშნულ პროცესებში ჩართული არ ყოფილა, ამიტომაც მოქალაქეების ხმა სათანადოდ არ ისმოდა. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო შეივსოს ის ნაპრალი, რომელიც სასამართლოსა და მოქალაქეებს შორის არსებობს.

პროექტი ხორციელდება USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.

"სასამართლოს გუშაგი" 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, რომლის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით. ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორია ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი (2017-2021).
Print

სტატიის გამოყენების პირობები