ახალი ამბები
,,ყველა სოფელში იქნება სტადიონი და ტრენაჟორები'' - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ჩემი მერობის პერიოდში ყველა სოფელში იქნება მოწესრიგებული სტადიონი და ტრენაჟორები. ამის შესახებ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტში უნდა განვითარდეს სპორტული ტურიზმი, ჩატარდეს საერთაშორისო შეჯიბრებები და ასევე ერთობლივი სპორტული წვრთნები.

,,სპორტული ტურიზმი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ვიზიტორების რაოდენობას უნდა დაეწიოს ტურისტების რაოდენობა. არაერთი შეჯიბრი ჩატარდა გორში. ეს მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. სპორტულ ტურიზმში შედის ტრენინგ ბანაკები. რამდენიმე ქალაქისა და ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნონ და ერთად ჩაატარონ წვრთნები.'' - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ხინჩეგაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ თითოეულ სოფელში იქნება ასევე რეკრეაციული ზონა - სკვერები.

რაც შეეხება სოფლების პრობლემებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რწმუნებულების გადამზადება. მისი თქმით, ყველა სამსახურის თანამშრომელი გადამზადდება, მათ შორის, აიპიების წარმომადგენლები.

,,ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპებია მოსახლეობის ჩართულობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშების წარდგენა და დამატებითი ფინანსების მოძიება.'' - განაცხადა მან.

პრეზენტაციის დასაწყისში, ხინჩეგაშვილმა ყველაზე მეტი დრო ტურიზმის განვითარებას დაუთმო. განსაკუთრებული აქცენტი ტანას ხეობის ტურიზმის პოტენციალს დაუთმო.

,,ტანის ხეობაში მოეწყობა საპიკნიკე პარკები, ღია კინოთეატრი, საკარვე ადგილები, საფეხმავლო ბილიკები. ამ ხეობაში ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს.'' - თქვა მან.

კეთილმოწყობილი პარკი მოეწყობა ატენი-ბობნევის მონაკვეთზე - ყველა ასაკისა და ინტერესების მოქალაქეებისთვის. ბიისის გოგირდოვანი წყლები უნდა დაიტვირთოს მომხმარებლებით - დაიწყება აბანოების რეაბილიტაცია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები