ახალი ამბები
გაყინული 52 ონკანი მიუვალ რენეში
სოფელ რენეში დიდთოვლობამ სასმელი წყლის მიწოდებასა და ტრანსპორტის მიმოსვლის კუთხით პრობლემები შექმნა.

ვითარებას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ.

,,ზოგი ცუდადაა, კასპში უნდა წაიყვანოს თავის შვილი, ავადმყოფია, ვერ მიდის. ის სასწრაფოც ვერ მოდის აქამდე" - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ხვთისო ილურიძე.

რენეში მცხოვრები მზია მელაძე აცხადებს, რომ წლავენდელ ზამთარში გზა პირველად დაიკეტა. ეს 2016 წლის 26 იანვარს მოხდა.

მთის ფერდობზე გაშენებულ სოფელში პურის მანქანაც ვერ ავიდა.

,,ეს პირველი შემთხვევაა ამ ზამთარს, რომ გზა დაიკეტა. პურის მანქანა ქვემოთ გაჩერდა და იქიდან ამოვიტანე. გზაც არ გაიხვეტა. გუშინ მითხრა მეზობლის ბიჭმა, რომ მეზობელ სოფელ ჩობალაურში გახვეტეს და აქ არაო" - ამბობს მზია მელაძე.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი კოდისწყაროს თემში გია ილურიძე ირწმუნება, რომ 26 იანვარს ტრაქტორმა 5 საათი იმუშავა.

,,ტრაქტორმა მუშაობა 11 საათზე დაიწყო და 4 საათამდე იმუშავა. რაც გზები იყო, ყველგან თოვლი და ნამქერი გაიხვეტა" - აცხადებს გია ილურიძე.

სოფელ რენეში წყლის ონკანებიც გაიყინა. ამის გამო, სოფელში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა.

,,ეს ეგრეთ წოდებული კრანები იყინება. რატომღაც არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რითაც გაკეთდა. მთელი ზამთარი ასეთი ყინვები თუ იყო, წყლის გარეშე დავრჩებით" - ამბობს ლია ილურიძე.

,,სოფელი მილებით ამ ზაფხულს დაიქსელა. თავიდან იმუშავა ცოტა ხანს. მერე მოტორები დაიწვა. ორი თვე ამ მოტორების შეკეთებას მოუნდნენ. რამდენიმე თვე მოლოდინში ვიყავით. ეს მოტორები სულ ორი თვეა რაც გაკეთდა. ამ ორი თვის განმავლობაში კი წყალი 4-ჯერ მოვიდა" - ამბობს ხვთისო ილურიძე.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გია ილურიძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, წყლის მილები გაიყინა, მეორეც გაყინულ მილებს მოსახლეობის ნაწილი რკინის ძალაყინებით ამტვრევს და აზიანებს.

გამგებლის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ცუდი ამინდები დიდხანს არ გაგრძელდება და წყლის მიწოდება აღდგება.

სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი სოფელ რენეში წელს დასრულდა. მთლიანად კოდის თემში 52 ონკანი დამონტაჟდა. მოსახლეობა მრიცხველების მეშვეობით ხარჯავს სასმელ წყალს.



თემის გაგრძელება:

სასმელი წყალი 30 წლის შემდეგ - კოდისწყაროს სოფლებში
Print

სტატიის გამოყენების პირობები