ახალი ამბები
შსს-მ მიხეილ სააკაშვილი დააკავა
დღეს, პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავა.

სამინისტროს პრეს-სამსახური  დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მანამდე, სააკაშვილმა, 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

მთავარმა პროკურატურამ კი მოგვიანებით განცხადება გაავრცელა: "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები", — განაცხადა მთავარი პროკურატურის პროკურორმა  ჯარჯი წიკლაურმა.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.

"მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოეპრაცია მაღალ პროფესიონალურ დონეზე და სამართლიანად. სახელწმიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით გაძლიერდა, დაცულია საზრვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობა. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.

ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო — არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა საქრთველოს საზღვრის და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშარად შემოვიდა, რათა ქვეყანაშ დესტაბილიზაცია დაეთესა ყველა საერთაშორისო რჩევების მიუხედავად, რაც მას ობლო პერიოდშ მიუვიდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქერთველოს სახელმწიფოს მშენებლობის", — განაცხადა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები