ახალი ამბები
კასპის გამგეობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პასუხობს
საქმე ეხება საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ სტატიას -" გაყინული 52 ონკანი მიუვალ რენეში".

სტატიის თანახმად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში დიდთოვლობამ სასმელი წყლის მიწოდებასა და ტრანსპორტის მიმოსვლის კუთხით პრობლემები შექმნა.

გამგეობა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოფელი ზემო და ქვემო რენე, სასმელ წყალს სამთავისის რეზერვუარიდან იღებდა.

ერთი წლის წინ დაზიანდა ძრავები.

სოფლები წყლის გარეშე რომ არ ყოფილიყო, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყლის მიწოდება ავზებით განახორციელა.

პარალელურად, მომზადდა პროექტი - ზემო და ქვემო რენეში დაზიანებული ძრავების შესაცვლელად და დამატებით სოფელ ნიგოზა –ჩობალაურის, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების თაობაზე.

სამუშაოები შპს "ნდს მშენებლობა"-მ შეასრულა ღირებულებით – 229 770 ლარი.

ხელშეკრულების დარულების ვადაა 2016 წლის 1 თებერვლი.

ამ დროისათვის ქსელი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული, მიმდინარეობს ინსპექტირების ჯგუფის მიერ პროექტის გამოსაცდელი სამუშაოები.

ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, სოფელ ჩობალაურსა და ნიგოზაში მცხოვრებ 210 ოჯახს წყალი საკუთარ სახლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების საშუალებით მიეწოდება, ხოლო ზემო და ქვემო რენეს მოსახლეობას, უკვე არსებული 52 საუბნო ონკანით.

ონკანების გაყინვა ამინდის გაუარესების შედეგია და არა "სტანდარტებს შეუსაბამო ონკანებისა", როგორც ამას ერთ-ერთი მოსახლე აცხადებს.

რაც შეეხება გზის გაუვალობას თოვლისა და ნამქერების გამო - არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან გზა ოპერატიულად გაიწმინდა.

ამის დასტური შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის სოფლებში ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილებაა",-ნათქვამია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები