ახალი ამბები
ჯგუფური ჩხუბი გორში - დაკავებულია 5 პირი
პოლიციამ 5 პირი დააკავა. ინციდენტი რესტორან ,,მზიურში" მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეებმა პატრულს წინააღმდეგობა გაუწიეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

,,საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, აღნიშნულმა პირებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინათ" - გვითხრა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

წაყენებული ბრალდება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, რაც ფულადი თანხითაც დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ჩხუბი 2016 წლის 27 იანვარს ,,ნინოობის" დღესასწაულზე გამართულ ორი ქეიფის მონაწილეებს შორის მოხდა. ინციდენტში ხაშურელები და გორის რაიონის სოფელ ნიქოზის მცხოვრებლებიც ფიგურირებდნენ.

,,გვინდა განვმარტოთ, რომ ჩხუბი რესტორანში არ მომხდარა. პოლიციამ ისინი რესტორნის გარეთ დააკავა. როგორც კი რესტორნის ადმინისტრაციამ შეამჩნია, რომ აგრესიული ახალგაზრდები რესტორანში მყოფ სხვა პირებს სიმშვიდეს ურღვევდნენ, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი შენობიდან გაგვეძევებინა. უსაფრთხოების მიზნით კი სამართალდამცავები გამოვიძახეთ. ვთვლით, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს დაწესებულებას იმიჯს ულახავს. რაც შეეხება ფოტოზე დაფიქსირებულ ჩამტვრეულ მინას, ეს მინა 27 იანვარს არ ჩამტვრეულა. ის სექტემბერში ჩაიმტვრა და ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს" - განგვიცხადეს რესტორან ,,მზიურის" ადმინისტრაციაში.

ფოტოზე: ჩამტვრეული ფანჯარა

Print

სტატიის გამოყენების პირობები