ახალი ამბები
ტურისტი, რომლის ცხედარი უფლისციხეში იპოვეს, მტკვარში გორის ტერიტორიაზე გადააგდეს
პოლიციამ 5 პირი დააკავა, რომლებიც ტურისტის მკვლელობაში არიან ბრალდებული.

ტომას კენედი ორი დღის წინ უფლისციხესთან, მდინარე მტკვრის სანაპიროზე იპოვეს.

პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 28 წლის ტომას კენედიც შეუერთდა.

ბრალდებულებმა მოგვიანებით, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს:

,,რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და კენედს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.'' - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს. მათ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელისა და უფლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები