ახალი ამბები
ვინ გახდება საარჩევნო წელს ქალაქის თავკაცი - დილემა საკრებულოში
გორის საკრებულოს პირველი პირების იმპიჩმენტამდე სულ ცოტა დრო რჩება.

2016 წლის 5 თებერვლის სხდომაზე კენჭი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ეყრება.

დღევანდელ, 28 იანვრის ბიუროს სხდომაზე ახალი წევრების არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ ჩასვეს.

ამ საკითხმა ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლის ილია მეტრეველის გაღიზიანება გამოიწვია. ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე მეტრეველმა საყვედურებით მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გიორგი ბატონისაშვილს მიმართა.

ბატონისაშვილმა ბიუროს წევრები სხდომის მიმდინარეობისას დაარწმუნა, რომ არ არის აუცილებელი, იმპიჩმენტების პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, 5 თებერვალსვე ახალი ხელმძღვანელი პირები აირჩიონ.

ამის დასასაბუთებლად ილია მეტრეველმა გიორგი ბატონისაშვილს კონკრეტული იურიდიული ნორმის დასახელება მოსთხოვა, რაზეც პასუხი არ მიიღო. ბატონისაშვილი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ სხდომაზე, ილია მეტრეველისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის თამარ თედლიაშვილის გარდა, მისი აზრი გაითვალისწინეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ, მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და სივრცითი დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ როსებაშვილმა საკითხი, იმპიჩმენტის დროს დაუყოვნებლივ ახალი თანამდებობის პირების არჩევის შესახებ, დღის წესრიგში არ ჩასვეს.

რატომ არ ჩასვეს 5 თებერვლის სხდომისთვის ახალი ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხი? ხომ არ ფიქრობს მმართველი გუნდი, რომ ოპოზიციამ ფარული კენჭის ყრის დროს, გადაიფიქროს, მაგალითად, საკრებულოს პირველი პირის პაპუნა კობერიძის გადარჩევა?

განსაკუთრებით საკრებულოს იმ ოპოზიციურმა წევრებმა, რომლებმაც წერილობით პაპუნა კობერიძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს.

მმართველი გუნდი ჯერ იმპიჩმენტის შედეგებს ელოდება.

პაპუნა კობერიძის გადაყენების საკითხი ღიად რჩება.

საპარლამენტო საარჩევნო წელს ოპოზიცია (განსაკუთრებით ირაკლი ოქრუაშვილის პარტია), ქალაქის მართვის სადავეების ხელში აღებაზე, ნაკლებად ფიქრობს. რადგან შემოდგომის არჩევნებზე გორის ამომრჩეველი და არასამთავრობო სექტორი, ქალაქის თვითმმართველობის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ოქრუაშვილის პარტიას განვლილ 9 თვეში გაკეთებულ საქმეებს მოჰკითხავს.

ქალაქის თვითმმართველობის უმაღლეს ეშელონს (თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სკამს) უკვე შორიდან უყურებენ ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები - თამარ თედლიაშვილი და დავით წეწვაძე. თამარ თედლიაშვილი ირწმუნება, რომ ის არ იბრძვის ნინო ზურაბიშვილის (პაპუნა კობერიძის მოადგილის) სკამისთვის.

თამარ თედლიაშვილს ურჩევნია, რომ იმპიჩმენტების შემდეგ მუშაობა, კვლავ, სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის რანგში გააგრძელოს. მისმა თანაგუნდელმა დავით წეწვაძემ უკვე ახალი ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - თავისუფალი გორელები" ჩაიბარა და პაპუნა კობერიძის შემცვლელობასთან დაკავშირებით პრეტენზიას არ გამოთქვამს. ამ ფრაქციის წევრი იოსებ ფალელაშვილი კი ჯერ არ ამხელს, მიდის თუ არა თბილ ქვეყნებში, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთ ქვეყანაში.

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მინდია გოდერძიშვილის პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია. გოდერძიშვილი იმ საკრებულოს მართვას, სადაც უმრავლესობა ,,ნაციონალური მოძრაობის" უკიდურესად დაპირისპირებულ ,,ქართული ოცნებას" და ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიას" უკავია, არ გარისკავს.

ვერსიას, იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრებმა პაპუნა კობერიძე არ გადააყენონ, პაპუნა კობერიძე განიხილავს.

ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ კიდეც

,,ბატონო პაპუნა, რას ფიქრობთ, უხელმძღვანელებთ ისევ ქალაქის საკრებულოს, სადაც დანარჩენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ოპოზიციის წევრები აირჩიონ?"

,,ასეთ შემთხვევაში, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მირჩევნია ჩემით გადავდგე, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რა მოხდება" - გვიპასუხა პაპუნა კობერიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები