ახალი ამბები
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა მოსამართლეებს ხელფასებს უზრდის
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა მოსამართლეებს ხელფასებს უზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მთავრობის წინაშე მოხსენებით ფინანსთა მინისტრი აზა ხაბალოვი წარსდგა. დე-ფაქტო მთავრობის სხდომას დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც ესწრებოდა.

აზა ხაბალოვის მოხსენების მიხედვით, საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს სახელფასო განაკვეთები დაახლოებით 80%-ით ეზრდებათ, ხოლო უფრო უმაღლეს ინსტანციაში, მაგალითად, უზენაეს და საარბიტრაჟო სასამართლოებში, დაახლოებით, 40%-ით.

ამჟამად, ცხინვალის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხელფასის სახით თვეში 14 811 რუბლს იღებენ. ცვლილებების შემდეგ სახელფასო განაკვეთი 19 200 რუბლამდე ( დაახლოებით 580 ლარი) გაიზრდება. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მისი ხელფასი 17 740 რუბლიდან 24 000 (დაახლოებით 720 ლარი) რუბლამდე გაიზრდება.

რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეების ხელფასი, საქალაქოსთან შედარებით მცირე, 17 280 რუბლი გახდება. ხოლო რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე 21 600 რუბლს (დაახლოებით 648 ლარი) აიღებს.

აზა ხაბალოვამ აღნიშნა, რომ უზენაეს და უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოებში თავმჯდომარეთა ხელფასი 30 000 რუბლი (დაახლოებით 900 ლარი) უცვლელი დარჩება.

უზენაესი და უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასი 17 740 რუბლიდან 24 ათას რუბლამდე გაიზრდება.

ცხინვალის რაიონულ სასამართლოში გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებთან დაკავებული იმ მოქალაქეების საქმეებიც იხილება, რომლებიც საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. დაკავებული პირები ჯარიმის გადახდის შემდეგ თავისუფლდებიან. თანხა კი დე-ფაქტო მთავრობის ბიუჯეტში ირიცხება.

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შეგროვებული სტატისტიკის მიხედვით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2013 ასევე 2014 წელს 142 პირი დააკავეს. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით კი დაკავებულთა რაოდენობა 23 პირი შეადგინა. შემდგომი სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები